ახალი რუსული კანონი

საარჩევნო პოპულიზმი და დაბრკოლება ევროკავშირის პირობებისთვის – "LGBT პროპაგანდის" კანონი

ახალი რუსული კანონი

საარჩევნო პოპულიზმი და დაბრკოლება ევროკავშირის პირობებისთვის – "LGBT პროპაგანდის" კანონი

ბოლო ათწლეულში ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ LGBT+ თემზე არაერთხელ წახალისებული ძალადობის და მოძალადეთა მუდმივი დაუსჯელობის შემდეგ მთავრობას სექსუალური უმცირესობების რეპრესიული მექანიზმის კონსტიტუციაში შეტანა სურს. ინიციატივა, რომელსაც ისინი "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მცდელობად მოიხსენიებენ, მიღების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მექანიზმი გახდება, თუმცა ის უკვე არის საარჩევნო პოპულიზმის იარაღი. კანონი ასევე კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირში ინტეგრაციის ისედაც რთულ გზას.

ხელისუფლება მორიგი ჰომოფობიური ნაბიჯის გადგმას მსოფლიოში პოლიტიკოსების მიერ არაერთხელ გამოყენებული ბავშვების დაცვის მოტივით ამართლებს და სწორედ ამიტომ აპირებს ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, რომელიც ქორწინების დეფინიციასა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. წარდგენილი პროექტით, აიკრძალება იმგვარი შეკრებები, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის "პოპულარიზაციისკენა მიმართული". ამ გზით მთავრობას შეეძლება არაკონსტიტუციური უწოდოს, მაგალითად, პრაიდის ღონისძიებებს ან შეკრებას, რომელსაც ისინი ისედაც ღიად მოიხსენიებდნენ "მიზანშეუწონლად" და ჰომოფობიურ ჯგუფებს საშუალებას აძლევდნენ LGBT+ თემსა და მათ მხარდამჭერებზე ეძალადათ.

ხელისუფლებას ასევე სურს, კონსტიტუციით აიკრძალოს სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა და ქორწინებას ეწოდოს "ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირი". იქვეა ჩანაწერი სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდების აკრძალვაზეც, რომელიც "ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის პოპულარიზაცისკენ არის მიმართული", რაც ასევე საგანმანათლებლო მასალის ცენზურას ნიშნავს.

იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ყოველწლიურად ახალისებს ჰომოფობიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ტრიბუნებზე ხაზს უსვამს მათ მიერ “ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების” დაცვის მოვალეობას, აქ და ახლა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრის დაწყებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - პოპულისტური კამპანია საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც რამდენიმე თვეში, 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, ქვეყანაში LGBT+ თემის უფლებების დაცვად ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები მიიჩნევს. ეს გასულ ათწლეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ჰომოფობიური და რელიგიური სენტიმენტების მქონე მოსახლეობის ამ ნაწილზე ზემოქმედება უფრო მარტივი და მომგებიანია

ამასთან, მთავრობა ამგვარ ნარატივს იმ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებისთვისაც იყენებს, რომლებიც LGBT+ თემის უფლებების დასაცავად ღიად იბრძვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ღიად არ საუბრობენ. მიზეზი კვლავ ამომრჩევლის დაკარგვის შიშია. ეს გარემოება ხელისუფლებას საქმეს კიდევ უფრო უმარტივებს.

"არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე. [...] დედა- ქალია, მამა კი კაცი" - თქვა 2023 წელს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში, კონსერვატორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერ ვიქტორ ორბანის მიწვევით იმყოფებოდა. ეს კავშირი მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას, რომელსაც თეორიულად პროდასავლური კურსი აქვს აღიარებული და სულ ახლახან, გაჭიანურებული პროცესის შემდეგ და მრავალი დათქმით, თუმცა მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მისი "მეგობრებისგან" გაკვეთილის სწავლა უნდა შეეძლოს. უნგრეთში მსგავსი კანონი ევროკომისიამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად და ევროკავშირის ღირებულებების შებღალვად მოიხსენია, ასევე მიმართა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსაც. უნგრეთს ასევე დაემუქრა სანქციების საფრთხეც. 

თუმცა, გაკვეთილის სწავლა საქართველოს საკუთარ საქმეში ჩახედვითაც შეუძლია. ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ევროკავშირმა ასოცირებული ტრიოს ორ წევრს, უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო და მის მისაღებად 12 რეკომენდაცია მიეცა. მათგან ერთ-ერთი სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვა და განსაკუთრებით LGBT+ საზოგადოების უფლებებზე მუშაობა იყო. ერთი წლის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა პუნქტი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ კვლავ რჩება იმ 9 პირობაში, რომელთა შესრულების გარეშეც საქართველო გაწევრიანების მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს. 

ევროკომისია კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს პრაიდის ღონისძიებების დარბევის საქმეები. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება. დასკვნაში LGBT+ თემი ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფადაა მოხსენიებული და ხაზგასმულია, რომ ისინი ექვემდებარებიან სისტემურ ჰომოფობიას, ნეგატიურ სოციალურ დამოკიდებულებებს და "საქართველოში ჰომოფობიური განწყობები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება".

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ კანონპროექტის შემთხვევაშიც საქმე სწორედ ხელისუფლების მიერ საზოგადოების მცირე ჯგუფის მიმართ დიდი ჯგუფის განწყობის პოლიტიკური მიზნებისთვის იარაღად გამოყენებასთან გვაქვს. ამას ევროკომისია ახალი ჰომოფობიური ინიციატივის წარდგენამდეც უსვამდა ხაზს. განწყობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობაზე მიუთითებს ისიც, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მარტივად არ შეუძლია. პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი დეპუტატები არ ჰყავს და ეს პროცესს საგრძნობლად გაწელავს, თუ საერთოდ შეძლეს კანონის მიღება. საქმე ისაა, რომ მიუხედავად ამისა, თემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას წინ არაფერი უდგას.

მოლდოვამ და უკრაინამ უკვე დაიწყეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, იმავე ეტაპზე სულ ახლახან გადავიდა ბოსნია და ჰერცეგოვინაც. პარალელურად საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ბლოკთან თანხვედრის ხარისხი დაბალია კვლავ დაბალია და 9 ნაბიჯის შესრულება გადამწყვეტია EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად. საქართველო კვლავ უკან რჩება.

სავარაუდოდ, ახალი ინიციატივა საზოგადოებაში ისევ გამოიწვევს მასობრივ პროტესტს, რომელსაც ორი მხარე ეყოლება და ეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნების წელს არამარტო ახალ სოციალურ-პოლიტიკურ არეულობას, არამედ ფიზიკური დაპირისპირებისა და უსაფრთხოების რისკებს გააჩენს.

საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარუდოა, რომ მხოლოდ არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციისა და მოქალაქეთა მცირე ნაწილი ინიციატივის გასაწვევად მთავრობაზე საკმარისი ზეწოლის მოხდენას შეძლებს. ამგვარ სიტუაციაში საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მთავრობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რათა LGBT+ თემის ისედაც მყიფე უფლებრივი უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

ირაკლი მაჩაიძე არის ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და Young Voice Europe-ის წარმომადგენელი. მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საკითხებზე ევროკავშირის პოლიტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ.

კომენტარები