ახალი რუსული კანონი

წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩიეს - TBILISI PRIDE საკონსტიტუციო ცვლილებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride განცხადებით ეხმაურება ართული ოცნების მიერ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მოტივით დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებას.

ორგანიზაცია წერს, რომ ხელისუფლებამ "წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი" მოქალაქეების რეალური პრობლემების გადასაფარად აირჩია და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს, რათა შეძლონ თემის დაცვა "პოლიტიკური ჰომოფობიისგან" და ასევე, გააძლიერონ ადამიანების უფლებების დაცვა.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ლგბტქი საკითხებით მანიპულირების სრულიად უღირსი მცდელობები, რომლებმაც მრავალი ჩვენგანის სხეულებზე გადაიარა, ქვეყნიდან განდევნა თემის უამრავი წევრი, ხოლო ქვეყანაში დარჩენილები სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობისთვის გაწირა. სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკაც. ამგვარი არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებიც ცხადია: ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის, საერთოა - სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია, ბავშვთა შიმშილი, კორუფცია, გაჩანაგებული და სტიქიების ეპიცენტრად ქცეული გარემო, კლანური სასამართლო, რუსული გავლენები, დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე და სხვა.

ახლა, როდესაც სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, მან წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია, რადგან მისი ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის - ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკოსები სკამებს ებღაუჭებიან, რეალური ადამიანების გაწირვის ფასად. ამ პროცესში კი ზიანდება არამხოლოდ ქვიარ თემი, არამედ მთელი საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც სიძულვილით ნაკვები პოლიტიკის პირობებში ემიგრაციის გარდა თვითგადარჩენის სხვა გზა აღარც რჩება.

ვხედავთ თემის წევრებსა და ფართო საზოგადოებაში გაზრდილ სტრესს, წუხილსა და შფოთვას. გვსურს გითხრათ, რომ ამ გრძელვადიან ბრძოლაში თქვენს სამსახურში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევისთვის მუხლჩაუხრელ შრომას. ქვიარ ადამიანების სათქმელს, მათ გამოწვევებსა და გამოცდილებებს მივიტანთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულებამდე. მოვიკრებთ მოკავშირეებს და ავაშენებთ სოლიდარობის ხიდებს სხვა უმცირესობებთან და დაუცველ ჯგუფებთან.

იმისთვის, რომ თემი დავიცვათ პოლიტიკური ჰომოფობიისგან და გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს სათემო შეხვედრებში, დისკუსიებში და თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ჩაერთოთ პროცესებში.

რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!". - წერს Tbilisi Pride.


25 მარტს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება.

"გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მხარდაჭერა ახლა თუ არა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო კანონებში ცვლილებებს კი, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მეტი კონკრეტიკა იქნება, ამ წელს გარანტირებულად მივიღებთ". - თქვა მდინარაძემ

კომენტარები