ტრეფიკინგი

4 პირს ფერმაში მუშაობას აიძულებდა, სახლში არ უშვებდა, ძალადობდა – 1 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - ფერმების მფლობელი ოთხ ადამიანს მისთვის უსასყიდლოდ მუშაობას აიძულებდა და მათზე როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა.

"საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, 4 პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ ფერმებში უსასყიდლოდ ამუშავა. ბრალდებული მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეესრულებინათ მისი დავალება, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით სამუშაოში ჩართო. სამმა დაზარალებულმა მოგვიანებით კვლავ შეძლეს ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა, ხოლო ერთ-ერთ პირს ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას 4 აპრილამდე უწევდა". - წერია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მე-2 "ბ" და "გ"; მე-3 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ნ.გ. რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

კომენტარები