ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირანი: მიზანი მიღწეულია, სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას არ ვგეგმავთ

ირანის გენერალური შტაბის მეთაური მუჰამედ ბაღერი
Islamic world news

ირანის გენერალური შტაბის მეთაურის, მუჰამედ ბაღერის თქმით, მიზნები მიღწეულია და სამხედრო ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

"მაგრამ თუ სიონისტური რეჟიმი ირანის ტერიტორიის ან სირიაში არსებული ირანული ცენტრების წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებს, ჩვენი შემდეგი ოპერაცია უფრო მაშტაბური იქნება". – ამბობს ბაღერი.

14 აპრილის თავდასხმას ასევე გამოეხმაურა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ჰოსეინ სალამი და თქვა, რომ ისრაელზე შეტევა "იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ".

სალამიმ იგულისხმა ისრაელის სამხრეთში არსებული სამხედრო საჰაერო ბაზა ნევატიმი. როგორც ირანული მედია იუწყება ობიექტმა სერიოზული დაზიანება მიიღო, თუმცა IDF-ის განცხადებით, ბაზას შეტევის შედეგად მხოლოდ მცირე ზიანი მიადგა.


ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა. 

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

კომენტარები