ირანის თავდასხმა ისრაელზე

NBC: ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად იორდანიამ ისრაელი საჰაერო სივრცეში შეუშვა

ისრაელის ავიაგამანადგურებელი F-15 I ჰაცერიმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ნეგევის უდაბნოში, ქალაქ ბეერ-შევასთან
Jack Guez/AFP via Getty Images

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია NBC News-ის ინფორმაციით, იორდანიამ ირანის მიერ 14 აპრილს გაშვებული დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად ისრაელის ავიაგამანადგურებლებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლის ნება დართო.

NBC News-ის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების მაღალჩინოსანმა 15 აპრილს განაცხადა, რომ "აღმოსავლეთიდან წამოსულ რაიმეზე პასუხის გასაცემად ჩვენ გვჭირდება, ისრაელიდან აღმოსავლეთით გავფრინდეთ".

"ეს კოორდინირებით მოხერხდა". - განაცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე რეპორტიორებთან საუბრისას.


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები