ირანის თავდასხმა ისრაელზე

ბაღერი: ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ შურისძიებას მკაცრი და მყისიერი პასუხი მოჰყვება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალი ბაღერის თქმით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ შურისძიებას მკაცრი და მყისიერი პასუხი მოჰყვება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"თუ რაიმე მიზეზით სიონისტური რეჟიმი მოინდომებს თუნდაც უმნიშვნელო ქმედებების განხორციელებას ჩვენი მიწის, ირანელი ხალხის, ირანის ინტერესების წინააღმდეგ, მას აუცილებლად ექნება გადამწყვეტი და მკაცრი პასუხი. თუ სიონისტური რეჟიმი საკმარისად რაციონალურია, ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ, რადგან ირანი გასცემს უფრო სწრაფ და მძიმე პასუხს.

ამ პასუხს 12 დღე აღარ დასჭირდება. სიონისტები არა დღეებში ან საათებში, არამედ წამებში უნდა ითვლიდნენ". - თქვა ბაღერიმ.

ამასთან ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ ვინმე გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს ისრაელს ამ დაპირისპირებაში, ირანი ამ ქვეყანას და მის ინტერესებსაც დაუპირისპირდება.


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები