რუსული კანონი

მოვიდა დრო, მთავარი გზავნილი "არა რუსულ რეჟიმს!" გახდეს - ევროპული საქართველო

ფოტო: ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო წერს, რომ გზავნილი "არა რუსულ კანონს" უნდა შეიცვალოს და მთავარი საპროტესტო გზავნილი "არა რუსულ რეჟიმს!" გახდეს.

ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ქართული ოცნების ცვლილებისა და ამ ამოცანისთვის გრძელვადიანი, ლეგიტიმური პროტესტისთვის მზაობის გარშემო.

"მოვიდა დრო, ქართული საზოგადოების მთავარი საპროტესტო გზავნილი გახდეს "არა რუსულ რეჟიმს!".

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გასაგები იყო საქართველოს ათასობით პატრიოტის თავდაპირველი საპროტესტო გზავნილი "არა რუსულ კანონს", მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების ბოლო ნაბიჯების შემდეგ, პროტესტის მთავარ სამიზნედ თავად რეჟიმი უნდა იქცეს.

მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი მოღალატეობრივი ტრაექტორიის შემდეგ, რუსული კანონის მეორედ ინიცირებამ ყველასთვის ცხადი გახადოს, რომ ქვეყანას ეროვნული ინტერესების მოღალატე ხელისუფლება მართავს და მან ამ კანონზე ტაქტიკურად კიდევ ერთხელ უკან რომც დაიხიოს, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საფრთხეშია როგორც თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის სუვერენიტეტი.

ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, დასავლეთისგან იზოლირებულები და დაუცველები დავრჩებით რუსეთის პირისპირ.

სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მობილიზება ამ მთავრობის ცვლილების აუცილებლობისა და ამ ამოცანისთვის გრძელვადიანი, ლეგიტიმური პროტესტისთვის მზაობის გარშემო.

არა რუსულ რეჟიმს!". - წერს ევროპული საქართველო.

კომენტარები