რუსული კანონი

პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება

ტაბულა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება კანონპროექტის I მოსმენით კენჭისყრაც 

ამის მიზეზი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატების გამოსვლებია, რაც პროცედურულად არის გათვალისწინებული და 9 საათამდე სრულად ვერ ესწრება.

"საკითხი ამოწურული არ არის, რადგან ხვალინდელ დღეზე გადადის. ხვალ ლელოს, რეფორმების ჯგუფის, საქართველოსთვის, ენმ-ს და უმრავლესობის გამოსვლებია. 11:45 საათზე იქნება ბიუროს სხდომაზე, 12 საათზე განვაახლებთ პოლიტიკურ გამოსვლებს, სხდომა დახურულია". - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმეგო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეების ძირითადი ნაკადი შეკრებილია პარლამენტის წინ. მეორე ნაწილი პარლამენტის უკან. მათ შუაში, ჩიტიძის ქუჩაზე, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის ორი მანქანა დგას.


15 აპრილს მოქალაქეები პარლამენტთან იურიდიული კომიტეტის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც რუსული კანონი I მოსმენით მიიღეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემო მსვლელობა მოეწყოთ, ასევე რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები