რუსული კანონი

ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც დღეს შეუშვებენ

აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
ტაბულა

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღეს, 17 აპრილს რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში შესვლა ვიზიტორებს შეეზღუდებათ.

პარლამენტში დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები.

"ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა". - ნათქვამია განცხადებაში.

ეს შეზღუდვა უკვე მესამე დღეა, მოქმედებს. თუმცა, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამტკიცებდა, რომ ტყუილი იყო, თითქოს ონლაინმედიებს პარლამენტში არ უშვებდნენ.

ამასთან, გუშინ. 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიებზე თქვა, რომ "არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით".

"ონლაინგამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა - გაშალა პლაკატი... ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა, გამზადებული ჰქონდათ პლაკატები, წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ამიტომ, არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შეხვიდე შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად.

კომენტარები