რუსული კანონი

ბორელი და ვარჰეი: ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი და  გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი პირველი მოსმენით რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირს წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები