რუსული კანონი

TV იმედი: აქციაზე რადიკალური ჯგუფები ჩვენ მიმართ აგრესიით გამოირჩევიან

ტელეკომპანია იმედი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციებზე "რადიკალური ჯგუფები" არხის ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, რის გამოც მათ პროფესიული მოვალეობის შესრულება უფრო და უფრო უჭირთ.

"საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო. რადიკალური ჯგუფების პირდაპირი აგრესიის ფონზე, პროფესიული მოვალეობის შესრულება და საპროტესტო აქციიდან ჩვენი მაყურებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება დღითიდღე შეუძლებელი ხდება. რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან იმედის ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, რომ ეს არის დაგეგმილი, ბინძური პროვოკაცია იმედის წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე პროცესების სრულფასოვანი გაშუქება ვერ მოახერხოს .

იმედმა 16 აპრილს რეაგირებისათვის დიპლომატიურ კორპუსსა და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ არავის აღმოაჩნდა ნება, ხმამაღლა ეთქვა - ჟურნალისტური საქმიანობის ძალადობრივად ხელის შეშლას, ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს". - წერია იმედის განცხადებაში.

16 აპრილს, ტელეკომპანია იმედის გავრცელებული პირველი განცხადების მიხედვით, მათი თანამშრომლები ოპოზიციური მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წნეხის ქვეშ გრძნობენ თავს და ბულინგის ობიექტები ხდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ტელეკომპანია თვლის, რომ ამ გზით ორგანიზაციები და მედიები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ "განსხვავებულ აზრთან" ბრძოლას

კომენტარები