ცვლილება საგადასახადო კოდექსში

TI: ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ე.წ. ოფშორების კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. TI-ს თქმით, ოფშორებთან  დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც  პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს, შესაძლოა მიმართული იყოს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისკენ.

"შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:

  1. აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
  2. აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
  3. საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოში ინვესტიციები ხშირად ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც გადასახადისგან თავის არიდების რისკს მოიცავს, ოფშორული კომპანიის მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანა კი აღნიშნულ რისკს შეამცირებს. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს უზრუნველყოფს საქმიანობის გამჭვირვალობას.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების რუსული კანონის პარალელურად ინიციირება და დაჩქარებული წესით განხილვა, აჩენს ეჭვს, რომ მისი მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.

სწორედ ოფშორული კომპანიების გაუმჭვირვალობის გამო, ჩვენი ორგანიზაცია წლებია ითხოვს, შეიქმნას ოფშორული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი, რაც ამ კომპანიების ანონიმურად მფლობელობიდან გამომდინარე რისკებს შეამცირებდა. ანონიმური მფლობელობა თავის მხრივ კორუფციის, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების რისკს ზრდის." - წერია განცხადებაში. 

TI-ს თქმით, აღნიშნული ინიციატივა ნათლად წარმოაჩენს რა ტიპის გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, როგორ ხდება მისთვის სასურველი კანონპროექტების დამტკიცება დაჩქარებული გზით, საკითხზე ფართო მსჯელობის გარეშე.

ამავდროულად, საყურადღებოა, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირად ოფშორული კომპანიები მიმზიდველია საეჭვო წარმომავლობის აქტივების მქონე პირებისთვის - შესაბამისად, თუ საქართველო ოფშორიდან აქტივების გადმოტანის ხელშემწყობ რეჟიმს აამოქმედებს, ამასთან ერთად გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტიც უნდა დააწესოს - საჭიროა გასაჯაროვდეს იმ პირების ვინაობა, ვინც ოფშორებიდან საქართველოში აქტივებს გადმოიტანს.

 

კომენტარები