ცვლილება საგადასახადო კოდექსში

დიდი რისკია, საქართველო იქცეს რუსულ შავ ხვრელად – ნონიაშვილი ე.წ ოფშორების კანონზე

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, ე.წ ოფშორების კანონი აჩენს შესაძლებლობას, რომ “ნებისმიერმა ქართველმა ან რუსმა ოლიგარქმა საკუთარი კრიმინალური კაპიტალი” საქართველოში დაბეგვრისა და გადასახადებისთვის გვერდის ავლით გადმოიტანოს.  ქართულმა ოცნებამ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო.

“ეს კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პროცესები არ იყოს ხილული და გამჭვირვალე, ანუ ზუსტად ის კეთდება, რაზეც ქართული ოცნება აპელირებს არასამთავრობოების შემთხვევაში სრულიად ტყუილად. ეს არის ვითარება,  როდესაც დიდი რისკია, რომ საქართველო იქცეს რუსულ შავ ხვრელად სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ასევე, ივანიშვილისთვისა და სხვა კრიმინალური კაპიტალის მქონეებისთვის ფულის გათეთრების საშუალებად.

ეს არის ძალიან მძიმე ვითარება, რომელიც საზოგადოებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს, რადგან ზუსტად ეს კანონპროექტი აჩენს, თუ რა მიზანი აქვს ივანიშვილის რეჟიმს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, რაში სჭირდება ეს ძალაუფლება -  საკუთარი რუსული კრიმინალური კაპიტალის დასაფარად” - ამბობს ნონიაშვილი.

ქართული ოცნების მიღებული კანონპროექტით საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

წაიკითხეთ ვრცლად კანონის მიმოხილვა: ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული ოფშორების კანონი: სანქციების შიში?

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილების მიზეზია, რომ "მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა - ამიტომ, იქიდან [ოფშორული ზონა] წასვლას აპირებენ და ბევრი გადის, უბრუნდება თავიანთ ქვეყნებს".

"ბოლო დროს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მქონე ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ ოფშორს ვეძახით, საკმაოდ გაურთულდა მუშაობა კომპანიებს. მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა - ამიტომ, იქიდან წასვლას აპირებენ და ბევრი გადის, უბრუნდება თავიანთ ქვეყნებს. ზოგადად, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად კანონიერია და ოფშორული ქვეყნების უმრავლესობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების იურისდიქციის ქვეშ არის, მაგრამ რადგან ასეთი ტენდენცია წავიდა, ქვეყნები ცდილობენ, რომ ეს კაპიტალი არ დაიკარგოს და მათთან წავიდეს და იღებენ ისეთ კანონებს, რომელზედაც მე ახლა ვსაუბრობ.

თუ ოფშორში არის დაფუძნებული კომპანია, რომლის დამფუძნებელიც არის ან ერთი ან მრავალი პირი და ის ფლობს საქართველოში რაღაც წარმოებას ან ფირმას, აღარ უნდა ეს ოფშორი და უნდა საქართველოში იყოს ხელმძღვანელი - ამ შემთხვევაში, მას მოუწევდა გადასახადების გადახდა, ახლა ერთჯერადად ვათავისუფლებთ, რათა გადმოიტანოს, გახსნას აქ ფირმა და იყოს საქართველოში, ეს მოგვცემს მეტ გადასახადს, მეტ გამჭვირვალობას და მეტ ბიზნესს.

თუ ამ კომპანიებს გააჩნიათ კიდევ სხვა საშუალებები, მაგალითად მანქანები, თვითმფრინავები თუ სხვა ძირითადი საშუალებები, ისიც ერთჯერადად შემოტანის დროს იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლდება". - თქვა კვიჟინაძემ.

კომენტარები