ირანი-ისრაელი

რა ვიცით ირანულ ბაზაზე ისრაელის თავდასხმის შესახებ?

RAHEB HOMAVANDI/REUTERS

გავრცელებული ინფორმაციით, 19 აპრილის ღამეს ისრაელმა ისპაჰანში, ირანის საჰაერო თავდაცვის ბაზაზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა. 13 აპრილს ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელის საპასუხო დარტყმა მოსალოდნელი იყო. როგორც ცნობილია, ისპაჰანში აღნიშნული სამხედრო ბაზის გვერდით ბირთვული ინფრასტრუქტურა მდებარეობს, რამაც თავდასხმის მნიშვნელობა გაზარდა

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა ირანული წყაროები შემთხვევის გაშუქებისას ისრაელს არ ახსენებდნენ და წერდნენ, რომ აფეთქება ქვეყნის გარედან მომავალ თავდასხმას არ უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ისპაჰანში 19 აპრილის ღამეს აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა. 

მიუხედავად იმისა, რომ თეირანს ისპაჰანის ბაზის აფეთქება ჯერჯერობით ისრაელთან არ დაუკავშირებია, ჰამასის წარმომადგენელმა სამი აბუ ზუჰრიმ თქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე რეგიონში სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს

აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირმა CNN-ს ანონიმურობის დაცვით დაუდასტურა ინფორმაცია, რომ თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ იყო განხორციელებული. მისი თქმით, ამ იერიშში აშშ-ს მონაწილეობა არ მიუღია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაჯანიმ თქვა, რომ ისრაელმა თავდასხმის წინ აშშ-ს წარმომადგენლები გააფრთხილა და ამის შესახებ ცნობილი იტალიაში G7-ის შეხვედრაზე გახდა. 

19 აპრილს ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ საჯარო მიმართვაში 13 აპრილის მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა, თუმცა არ უხსენებია რამდენიმე საათის წინ მომხდარი შემთხვევა ისპაჰანში. ჯერჯერობით თავდასხმის შესახებ არც ირანული და არც ისრაელის მხარე კომენტარს არ აკეთებს. 


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები