რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარება გამარჯვების შანსს მოგვცემს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Petras Malukas/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 21 აპრილს, NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ს კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული დახმარებით უკრაინას რუსეთთან გამარჯვების შანსი ექნება.

"ვფიქრობ და ვლოცულობ, რომ ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს [უკრაინის] შეიარაღებულ ძალებს, და ჩვენ გამარჯვების შანსი გვექნება, თუკი უკრაინა მართლაც მიიღებს შეიარაღების სისტემებს, რომლებიც ძალზე გვჭირდება, რომლებიც ათასობით ჯარისკაცს სჭირდება". - თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ კანონპროექტებს ამერიკის სენატი მომავალ კვირაში განიხილავს, რის შემდეგაც სამხედრო დახმარების უკრაინაში გაგზავნა დაიწყება.

20 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის 311-მა კანონმდებელმა უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა, 112-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ორად გაიყვნენ. 112-ივე კანონმდებელი, რომელმაც უარი თქვა მხარდაჭერაზე, რესპუბლიკელი იყო, თუმცა, ამავდროულად, დანარჩენმა 100-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტიდან 61 მილიარდი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი რეგიონული პარტნიორებისთვის.

კომენტარები