რუსეთი

ვაგნერელმა, რომელიც ბავშვების სუიციდამდე მიყვანას ცდილობდა, პატრიოტიზმზე გაკვეთილი ჩაატარა

ალექსანდრ გლაზოვი სკოლაში

ალექსანდრ გლაზოვმა, რომელიც სასჯელს მოზარდების თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის გამო იხდიდა და ვადაზე ადრე უკრაინაში საბრძოლველად გაათავისუფლეს, რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილი "პატრიოტიზმზე" ჩაატარა

ამ ამბავზე ყურადღება ტელეგრამ-არხმა Говорит НеМосква-მ გაამახვილა. მათ შესაბამისი ცნობა ვეტერანების საზოგადოება საბრძოლო საძმოს ვებგვერდზე აღმოაჩინეს.

ცნობის მიხედვით, ქალაქ კოტელნიკის N1 სკოლის მერვეკლასელებს გლაზოვი, ღონისძება "რითი იწყება პატრიოტიზმის" ფარგლებში, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში" მსახურების შესახებ ესაუბრა. სკოლის ოფიციალურ ვებგვერზე ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა.

მედია RTVI-სთან საბრძოლო საძმოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ გლაზოვმა მსგავსი გაკვეთილი ჩაატარა და თქვეს: "დიახ, ეს ის არის. თუმცა ის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ვაგნერის ქვედანაყოფში იყო. თავისი დანაშაული გამოისყიდა. დაჯილდოვებულია სახელმწიფო მედალით "თავდადებისთვის" და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მედალი "თავდადებისთვისა" და "ბახმუტის აღებისთვის". დაიჭრა, აკლია თვალი და თითები. ახლა საბრძოლო საძმოს დავალებებს ასრულებს".

RTVI-სთან სკოლის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ ღონისძების მონაწილის ნასამართლეობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

2019 წელს გლაზოვს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა. ბრალად ედებოდა მოზარდთა თვითმკვლელობამდე მიყვანა. ქალაქი ლიუბერცის სასამართლოს ცნობით, გლაზოვი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ინფორმაციას მათთვის, ვინც მიდრეკილი იყო თვითმკვლელობისკენ.

სასამართლოში გლაზოვმა საკუთარი ბრალი აღიარა და თქვა, რომ ის თამაშობდა "თამაშს", ე.წ. "ლურჯ ვეშაპს" და კურატორის დავალებებს ასრულებდა. შემდეგში მას თავად შესთავაზეს კურატორობა და 800 000 რუბლს დაჰპირდნენ ყოველი ახალი "მოთამაშის" ჩათრევისთვის. 

2010-იან წლებში რუსეთში, შემდეგში კი ზოგიერთ ქვეყანაში, გავრცელდა ე.წ. "ლურჯი ვეშაპი", რომლის უკან მდგომი პირები და მონაწილეები მოზარდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ.  გლაზოვი ამბობდა, რომ ის "მოთამაშეებს" აძლევდა დავალებებს, გადაეღოთ ფოტო სახლის სახურავიდან, გადაერბინათ რკინიგზაზე მატარებლების წინ და მიეყენებინათ თვითდაზიანებები.

გლაზოვის საქმის მასალებში ნათქვამია, რომ მან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა ერთი გოგო, თუმცა პოლიციამ მისი გადარჩენა შეძლო.

გლაზოვი დროზე ადრე უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს. საკუთარ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში აქვეყნებდა ფოტოებს, რომლებშიც კსკ ვაგნერთან კავშირი იკვეთებოდა და ავრცელებდა მოწოდებებს, რომ დაქირავებულ სამხედროებს შეერთებოდნენ. უცნობია, რამდენი ხანი გაატარა მან საბრძოლო ზონაში.

კსკ ვაგნერი საკუთარ რიგებში იღებდა პატიმრებს. შემდეგში მათ ეს შესაძლებლობა შეუზღუდეს. ყოფილი ვაგნერელები, რომლებიც წარსულში ნასამართლევები იყვნენ, რუსეთში დაბრუნების შემდეგ ხშირად ხელმეორედ სჩადიან დანაშაულებს.

კომენტარები