ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

7 ნოემბრის საქმეს მოსამართლე ლილი მსხილაძე აღარ განიხილავს

ლილი მსხილაძე
რუსთავი 2

7 ნოემბრის საქმეს მოსამართლეთა ახალი კოლეგია ან ერთი მოსამართლე განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე ორმა მოსამართლემ დააკმაყოფილა ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილების შესახებ და ის საქმეს ჩამოაშორა. მათი განცხადებით, მსხილაძის ობიექტურობაში თავად მათ ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა, იმ გარემოებებმა, რომლებიც ადვოკატებმა დღეს სხდომაზე წარმოადგინეს, მოსამართლეების მოსაზრებით, შესაძლოა, საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები გამოიწვიოს. მათივე თქმით, საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულება სახალხო დამცველის 2008 წლის სწორედ ის ანგარიშია, რომლის ავტორი მოსამართლე ლილი მსხილაძეა.

დანარჩენი ორი მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ლილი მსხილაძემ თქვა, რომ თუ მას საქმეს ჩამოაშორებენ, სათანადო ორგანოებს მიმართავს.

"ამ პროცესზე დღევანდელ დღეს გათამაშდა ერთგვარი შოუ, რომელიც მიმართული იყო მოსამართლის და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფისა და უპატივცემულობისკენ. მე პირადად ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავ სათანადო ორგანოებს, მოახდინონ იმ ფაქტზე რეაგირება, რაც დღეს მოხდა. ამ საქმის განხილვა ნამდვილად არ არის არცერთი მოსამართლისთვის სასიამოვნო. თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მოხარული დავრჩები, მაგრამ საფუძველი იმისა, რომ იოტისოდენა ეჭვი, რომ მოსამართლე იქნება მიკერძოებული და არაობიექტური, ჩემი მხრიდან არ არსებობდა. თუ ვინმეს ეს ეჭვი აქვს, მაშინ მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება", - თქვა მსხილაძემ.

კომენტარები