ოკუპირებული ტერიტორიები

საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის რეგიონში ახალ საგუშაგოებს აშენებს

ireporter.ge

საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ზარდიანთკართან ახალ გამშვებ პუნქტს აშენებს, რომლითაც მხოლოდ ის მოქალაქეები ისარგებლებენ, ვისაც ცხინვალის რეგიონში ნათესავები ჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. 

ოფიციალური თბილისი ოკუპაციით შეშფოთებულია, თუმცა ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნაში საფრთხეს ვერ ხედავს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გამშვები პუნქტი მოსახლეობისთვის სარგებლის მომტანიცაა.

"ამ ტიპის საგუშაგოების გახსნით შედარებით ხდება პირობების გაუმჯობესება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისაგან. ჭეშმარიტება იქნება, რომ რუსები საერთოდ გავლენ ამ ტერიტორიიდან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კურიერის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი საკონტროლო-გამშვები პუნქტის აშენებას სოფელ ერგნეთშიც გეგმავს. ოსური მედია ერგნეთში საბაჟო კონტროლის დაწესებაზეც საუბრობს, თუმცა ამ ინფორმაციას მთავრობაში კატეგორიულად უარყოფენ.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას დღეს ამერიკის ელჩი, იან კელიც გამოეხმაურა. კელის თქმით, ვაშინგტონი მოსკოვის მიერ დაწესებულ საზღვრებს არ აღიარებს.

კომენტარები