ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის პროგრამა: 2016 წლიდან სრული საგადასახადო ამნისტია უნდა გამოცხადდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატას პარტიის ეკონომიკური პროგრამა წარუდგინეს. პროგრამის მთავარ პრინციპებად გადასახადების დაწევა, ხალხის დასაქმება, ნაკლები რეგულაციები და ბიუროკრატია, ასევე მოსახლეობის მეტი მიზნობრივი და პირდაპირი დახმარებაა დასახელებული. პარტიის წევრების განცხადებით, 2016 წლიდან სრული საგადასახადო ამნისტია უნდა გამოცხადდეს, 2017-2018 წლებიდან კი, სახელმწიფო ხარჯი მინიმუმ 1.3 მილიარდით, ხოლო დღგ 2%-ით უნდა შემცირდეს. მათივე თქმით, გადაიხედება და შესაძლებლობის შემთხვევაში გაუქმდება რეგულაციები, რომელთა დაცვასაც ევროკავშირთან სავაჭრო და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება საქართველოს არ ავალდებულებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროგრამით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

"ეს არის კონკრეტული ეკონომიკური გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და განვითარება. ორ მაგალითს მოვიყვან, პირველი, ამ გეგმაში გათვალისწინებულია ბიზნესისთვის მოგების გადასახადის გაუქმება, რაც იქნება ძალიან დიდი დაკონკრეტული შეღავათი ბიზნესმენებისთვის, და მეორე, ამ პროგრამით უკვე გაისად შესაძლებელია პენსიის 50-ლარიანი ზრდა. აი, ეს არის ამ გეგმის უნიკალურობა, რომ წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, წარსულის შეცდომების და პოზიტივების გაანალიზებით, ჩვენ ვახერხებთ ერთის მხრივ, დავწიოთ გადასახადები და ბიზნესს გავუუქმოთ მოგების გადასახადი და, მეორე მხრივ, უზრუნველყოთ უკეთესი სოციალური დაცვა მოსახლეობის. იმ ფონზე, როცა ხელისუფლება გაისად საერთოდ არ ზრდის პენსიებს, ჩვენი გეგმით, გაისის ბიუჯეტში უკვე შესაძლებელი იქნება 50-ლარიანი საპენსიო ზრდა ეს არის ჩვენი შეთავაზება", - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით ბაქრაძემ.

"ეს ღონისძიება ტარდება ჩვენი პროგრამის ფარგლებში, შევხვდეთ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენი უკვე შევხვდით თავისუფალ დემოკრატებს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ეკონომიკური პლატფორმა. დღეს ჩვენ ვხვდებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ვილაპარაკებთ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე 2016 წელსა და შემდეგ პერიოდთან დაკავშირებით. ასევე შევხვდებით ქართული ოცნების ლიდერებს და ვისაუბრებთ მათ შეხედულებებზე და მომავლის პროგრამაზე. ეს შეხვედრები ძალიან ინფორმატიულია ჩვენი წევრებისთვის, ძალიან ინფორმატიულია ბიზნესსაზოგადოებისთვის, ინტერნაციონალური საზოგადეობისთვის. ჩვენ რეალურად გვსურს, გავეცნოთ ყველა პოლიტიკური პარტიის ხედვას ეკონომიკასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და გვაინტერესებს, ვისი ხედვაა ჩვენს ხედვასთან ახლოს. მოკლედ, ესაა მიზეზი, რის გამოც ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით", - თქვა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

კომენტარები