მედიის განვითარების ფონდი

MDF-ი GPB-სგან არასწორი ინფორმაციის შესწორებას ან უარყოფას ითხოვს

მედიის განვითარების ფონდი

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან არასწორი ინფორმაციის თანაზომადი ფორმით შესწორებას ან უარყოფას ითხოვს. MDF-მა GPB-ის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით უკვე მიმართა. საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხების 23 ნოემბრის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს "უცნობი რუსთავი 2 - მყიდველები და გამყიდველები".

სადავო გახდა გადაცემის პასაჟი, სადაც წამყვანი აცხადებს, რომ "ამ დროისთვის რუსთავი 2-ს კრედიტი აქვს აღებული საერთაშორისო ორგანიზაცია Media Development Foundation-სგან". ფრაგმენტს თან ერთვის ვიზუალური კადრები, რომელიც არა სესხების გამცემ საერთაშორისო ორგანიზაცია MDIF-ს, არამედ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - მედიის განვითარების ფონდის (MDF) ვებგვერდს ასახავს. მასზე საქართველოში გაეროს ოფისის ხელმძღვანელის ერიკა კვაპილოვას და ოცმეთაურ თამარ მღებრიშვილის ფოტო ჩანს.

მედიის განვითარების ფონდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლის (მე-13-ს პირველი, მეორე და მესამე, მე-14 მუხლის მეცხრე, მე-18-ს მე-6-ს, ასევე სიზუსტის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი მუხლის) დარღვევას.

MDF-ის საჩივარში აღნიშნულია, რომ მედიის განვითარების ფონდის და საქართველოში გაეროს ქალთა ფონდის გამოხმაურების შემდეგ, მეორე არხის რედაქციამ არხის ვებ-გვერდზე ატვირთულ გადაცემას დაურთო განმარტება და ბოდიში მოიხადა უზუსტობის გამო, თუმცა ორგანიზაციის მიზანია არა რედაქციის ბოდიში, არამედ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თანაზომადი ფორმით შესწორება ან უარყოფა.

"აღნიშნული გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ვებ-გვერდზე, ისევე, როგორც youtube-სა და მარშალპრესზე მომხმარებლისთვის უცვლელი სახით არის ხელმისაწვდომი, რაც თანაზომადი ფორმით შესწორებად ვერ ჩაითვლება. მედიის განვითარების ფონდი მოითხოვს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაცემაში ორგანიზაციის შესახებ გასული არასწორი ინფორმაცია თანაზომადი ფორმით შეასწოროს ან უარყოს" - ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

კომენტარები