სამომხმარებლო კალათა

ქადაგიძე: 2016 წლის დასაწყისში ინფლაცია პიკს მიაღწევს

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, 2016 წლის დასაწყისში სამომხმარებლო კალათის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი. ქადაგიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში ბანკი დაახლოებით 7%-იან ინფლაციას ელოდება. ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 5%-ს შეადგენს, უფრო მაღალი ინფლაციის პირობებში კი ბანკმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს.

"ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ საჭიროებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, რომ 2017 წლიდან ინფლაციის მაჩვენებლად უკვე 3% დავისახოთ. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი დღეს არის 5%, რაც არის ოპტიმალური ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე 5%-დან 6%-მდე არის ფასები გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ ზოგ საქონელზე არის მნიშვნელოვანი ზრდა, ზოგზე კი ცვლილება საერთოდ არ არის. საშუალო ინდექსი კი 6%-ზე ცოტა მეტია", - ამბობს ქადაგიძე.

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უკვე მეორე თვეა აჭარბებს, ნოემბერში მან 6.3% შეადგინა. ფასები ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორში არის გაზრდილი. სამედიცინო პროდუქციის ღირებულება წინა წელთან შედარებით 28%-ით არის მომატებული. ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რის გამოც მთელი რიგი უცხოური საქონელი და მომსახურება ქართველი მომხმარებლებისთვის გაძვირდა. 

ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზი კი ასე გამოიყურება:


ფოტო: nbg.gov.ge

ნოემბერის თვის მიხედვით სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 5.2%-იანი გაძვირება
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 13.4%-იანი გაძვირება
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.8%-იანი გაძვირება
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 9.2%-იანი გაძვირება
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 12.9%-იანი გაძვირება
  • ჯანმრთელობის დაცვა - 11.5%-იანი გაძვირება, სამედიცინო პროდუქცია 28%-იანი ზრდა
  • ტრანსპორტი - 1.6%-იანი გაიაფება
  • კავშირგაბმულობა - 0.5%-იანი გაძვირება
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 6.9%-იანი გაძვირება
  • განათლება - 4.3%-იანი გაძვირება
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.2%-იანი გაძვირება
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 9.5%-იანი გაძვირება

ტრანსპორტის სფეროში ფასების შემცირება ბენზინსა და დიზელზე ფასების მსოფლიო შემცირებას უკავშირდება, საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვის გაძვირება კი - სემეკის მიერ ელექტროგამანაწილებლებისთვის გაზრდილი დენის ტარიფის დადგენას.

კომენტარები