ჩინეთი

ჩინეთი ეკონომიკურ სტატისტიკებს აყალბებს

ch1n.com

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის შესახებ არსებული ოფიციალური ინფორმაცია ნაკლები სანდოობით გამოირჩევა, რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში სტატისტიკის გაყალბება ხდება.

ჩინეთის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციების ხელმძღვანელი პირები გასული წლების მანძილზე ხელოვნურად ზრდიდნენ მოსავლის, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მოცულობას. ამ გზით რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტის გაყალბება ხდებოდა.

38-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ხეილუნძიანის პროვინციის მთავრობის წევრის გუან ინმინის თქმით, მისი ოფისი წლების მანძილზე ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას მინიმუმ 20%-ით აყალბებდა. გასული ხუთი წლის მანძილზე ხეილუნძიანის პროვინციაში გაფორმდა არარსებული $15 მილიარდის ინვესტიცია. რეგიონის ეკონომიკური ზრდის გაყალბებული მაჩვენებელი გასულ წელს 9.5% იყო, ხელახლა გადათვლილი კი დაახლოებით 2.7%-ს შეადგენს. 

ანალიტიკოსების შეფასებით, სტატისტიკას არა მხოლოდ პროვინციები, არამედ პეკინის ცენტრალური მთავრობაც აყალბებს. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის, ენდრიუ ტილტონის თქმით, ბანკის მიერ ჩატარებული ალტერნატიული გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 6%-ზე მაღალი არ ყოფილა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ზრდა 6.9%-ია. 

კომენტარები