თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

NGO-ები თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია ქმედებას მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია

არასამთავრობო ორგანიზაციები

„უკიდურესი შეშფოთებით ვეხმაურებით 2016 წლის 12 იანვარს ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებზე განსხვავებული შეხედულების გამო, სიძულვილის მოტივით თავდასხმის ფაქტს.“-არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან და დამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია „ქმედებას მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია და გამოძებამ დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ.“

„გავრცელებული ვიდეო კადრებისა და თვითმხილველთა განცხადებების საფუძველზე, საქმეში იკვეთება მუქარისა და ცემის  ნიშნები. ამასთან, აღნიშნული ქმედების განხორციელება თავდამსხმელების მხრიდან დემონსტრაციულად განსხვავებული შეხედულების გამო, დაზარალებული პირების მიმართ სიძულვილის მოტივით მოხდა.  აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად,  შსს-მ გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო და საერთოდ არ მიუთითა შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის თაობაზე, რაც ქმედების არაადეკვატური კვალიფიკაციაა.“- წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა ბოლო პერიოდში სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდის ტენდენციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, და ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკაზეა გამახვილებული ყურადღება. განცხადებაში არასამთავრობოები პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურებიან.

„აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა სწორედ მათი პროფესიული საქმიანობის გამო მოხდა - თავდამსხმელთა თქმით, “ტაბულას” ჟურნალისტები ეკლესიას აგინებენ“, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ტელევიზიას იყენებენ. ამგვარ ფაქტზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება „გამყინავ ეფექტს“ იქონიებს გამოხატვის თავისუფლებაზე, რამაც განსხვავებული აზრის გამოხატვასა და  გავრცელებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ამ მიმართებით, აღშფოთებას იწვევს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებას, სადაც ის უარყოფს მედიის საქმიანობის ხელშეშლას. როგორც აღინიშნა, თავდამსხმელებმა მიუთითეს სწორედ ტაბულას საქმიანობა თავდასხმის მოტივად. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა მიმართული იყო სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ.“-აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოები სამართალდამცავ ორგანოებს მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მოუწოდებენ მაღალი თანამდებობის პირებს გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ  საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისაგან, ვინაიდან მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოძიების ობიექტურობასა და ეფექტურობაზე.

„მსგავსი შემთხვევა, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირების არარსებობა გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ტენდენცია კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში მედიის თავისუფლებას და შესაბამისად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მეტიც, შსს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული ქმნის საგანგაშო პრეცედენტს, რამაც შესაძლოა მომავალში წაახალისოს ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე და მნიშვნელოვნად დააზიანოს მედია გარემო.მიგვაჩნია,  რომ შეუწყნარებლობის ნიშნით ძალადობის ზრდისა და სიძულვილის წახალისებას ხელს უწყობს ასევე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკის გამოყენება, რომელიც ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება.„-წერია განცხადებაში.

განცხადებას სელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

იდენტობა

კავშირი “საფარი”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA

კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, გუშინ თავს დაესხნენ.

კომენტარები