არჩევნები გარდაბანში

ენმ-ის კანდიდატი: გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ

ბესიკ კახაბრიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი გარდაბანში, ბესიკ კახაბრიშვილი საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ის 28 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"28 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ, ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის, რათა თითოეული გარდაბნის მკვიდრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს", - ამბობს კახაბრიშვილი.

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილის თქმით კი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კახაბრიშვილი კანდიდატურას ხსნის, ქართული ოცნების იაფფასიანი ტყუილია.

"ოცნებას ამ იაფფასიანი ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია. ბესო კახაბრიშვილი მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არანაირი კანდიდატურის მოხსნაზე საუბარი არაა. "ოცნება" არის გაკოტრებული, ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ცდილობენ ასეთი ინსინუაციებით გადაირჩინონ თავი. ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად ჩვენი კანდიდატის, ბესო კახაბრიშვილის გამარჯვებით დასრულდება", - ამბობს გაბაშვილი.

ქართული ოცნების ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. პარტიის მოსაზრებით, ამის რეალური მიზეზი ისაა, რომ ენმ ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების სოლიდური რაოდენობის მიღებას. ქართული ოცნების განცხადებით, გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად ქართული ოცნების რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული. ამ თემაზე პარტია ბრიფინგის გამართვას ხვალ გეგმავს.

კომენტარები