არჩევნები გარდაბანში

ქართული ოცნება: ენმ გარდაბანში კანდიდატის მოხსნას გეგმავს, ხმებს ვერ აგროვებს

ქართული ოცნების ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. პარტიის მოსაზრებით, ამის რეალური მიზეზი ისაა, რომ ენმ ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების სოლიდური რაოდენობის მიღებას. ქართული ოცნების განცხადებით, გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად ქართული ოცნების რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული. ამ თემაზე პარტია ბრიფინგის გამართვას ხვალ გეგმავს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მიერ სრულიად ალოგიკურ დროს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გარდაბნის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. განცხადებაში ნათლად იკითხება მისი რეალური მიზანი, ხელოვნური ახსნა მოუმზადოს ნაციონალური მოძრაობის მიერ კანდიდატის მოხსნას. კანდიდატის მოხსნის რეალური მიზეზია ის გარემოება, რომ ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების მეტ-ნაკლებად სოლიდური რაოდენობის მიღებას. გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად „ქართული ოცნების" რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული, ხოლო ნაციონალური მოძრაობა რეიტინგის სტაბილურად შენარჩუნებას ახერხებს", - წერია განცხადებაში.

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა გარდაბანში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელი მუღანლოში პარტიის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აშინებენ, ემუქრებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდებიან. მინაშვილმა სამართალდამცავებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"მოგეხსენებათ, რომ 28 იანვარს, გარდაბანში, გამგებლის არჩევნებია და დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნება" ამომრჩევლის გულის მოგებას არა საქმის კეთებითა და პრობლემების გადაჭრით ცდილობს, არამედ მოქალაქეების აქტივობის შეფერხებით. ჩვენ გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითი, "ქართული ოცნების" სახელით ადგილობრივებს ემუქრებიან, რათა ამ ადამიანებს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, მუშაობაში ხელი შეუშალონ. მინდა, ყველა გავაფრთხილო და სამართალდამცავ უწყებებს მკაცრად მოვუწოდო, რომ გამოიძიონ ეს საქმე. მინდა, ყველას შევახსენო და მკაცრად გავაფრთხილო, 2016 წელს, "ქართული ოცნება" საქართველოს ხელისუფლებას დატოვებს", - ამბობს მინაშვილი.

კომენტარები