არჩევნები გარდაბანში

კობახიძე: მე-4 საარჩევნო უბანზე ენმ-ის კოორდინატორები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

Ipress.ge

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ გარდაბანში, მე-4 საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მისი თქმით, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებზე ინფორმაცია არ აქვთ. ცნობისთვის, ენმ აცხადებს, რომ მე-4 საარჩევნო უბანზე თავს მათ მხარდამჭერებს დაესხნენ.

"იყო გარკვეული ინციდენტები, მაგალითად, მეოთხე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, იყვნენ მთვრალები და გარკვეული პირადი შელაპარაკება მოუვიდათ. ამის მტკიცებულებები არსებობს. არიან მოწმეები, რომლებიც ამას ადასტურებენ. არსებული მდგომარეობით, ვითარება განმუხტულია", - ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება მე-6 საარჩევნო უბანზე ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდების მობილიზების ბრალდებას, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, აქ ინციდენტზე საუბარი არ ყოფილა.

"თავშეყრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რაც ბუნებრივია, აკრძალული არ არის. აქ მთავარია, არ იყოს ზემოქმედება საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესზე. ასეთი ზემოქმედება არ მომხდარა, ამაზე არავინ არ საუბრობს, საუბარია ხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანები იყვნენ თავშეყრილი უბანთან ახლოს, ეს არის დაშვებული მოვლენა", - ამბობს კობახიძე.

ტაბულას კითხვაზე - "ეს ადამიანები თქვენი მხარდამჭერები იყვნენ?" -კობახიძე პასუხობს, რომ "შესაძლოა, ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, ვერ გეტყვით, მთავარია, რომ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია საარჩევნო პროცესზე ზედმეტი ზემოქმედებისა".

დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდაბანში ხმის მიცემის პროცესი "მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს".

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

კომენტარები