თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს

ტაბულა

პროკურატურამ ტაბულას ჟურნალისტები დაზარალებულად ცნო. სამ პირს, ვინც ტაბულას ჟურნალისტებს რესტორან ჭაშნაგირში თავს დაესხა, ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს. ცნობისთვის, თავდაპირველად გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილი გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, თავს 12 იანვარს დაესხნენ. ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. კიკნაველიძემ და მასთან მყოფმა პირებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

კომენტარები