რუსული საფრთხე საქართველოში

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე აშშ-ის ელჩის მოადგილე საგარეო უწყებაში დაიბარეს

აშშ-ის დაზვერვის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და განმარტებები გააკეთა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინერთან შეხვედრა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა. რუსთავი 2-ის ცნობით კი, ბერლინერი საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ევროინტეგრაციის შესახებ გამოთქმულმა სკეპტიციზმმა თბილისში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ მსოფლიოში არსებული საფრთხეების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშის მიზნებისა და ამოცანების თაობაზე. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა საფრთხეებისა და პოტენციური რისკების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციისა და პარტნიორი ქვეყნებისადმი ინფორმაციის მიწოდებას".

თავად ნიკოლას ბერლინერის თქმით კი, "სამწუხაროდ, საქართველოში ცოტა არასწორად იყო ინტეპრეტირება. მინდა, განვმარტო, რომ ეს დოკუმენტი არის შეფასება, რომელსაც აკეთებენ დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსები და მისი მიზანი მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმირებაა შესაძლო რისკების შესახებ, რომელსაც მსოფლიოში ვხედავთ, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოში არსებული ვითარების შეფასება. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ მთავრობა ერთგულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ასეთია ქართველი ხალხის ნებაც. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებისდაგვარად, გავაკეთოთ ყველაფერი ამ კურსის მხარდასაჭერად".

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. დაზვერვის ოფისის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გუშინ კონგრესს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა მსოფლიოში საფრთხეების შეფასების შესახებ.

კომენტარები