რუსული საფრთხე საქართველოში

მაღრაძე: აშშ-ის დაზვერვის უფროსმა დასავლელი პარტნიორები გააფრთხილა

გუგული მაღრაძე
საქართველოს პარლამენტი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებას, რომ საქართველომ, რუსეთის ზეწოლის პირობებში, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე დასავლელი პარტნიორების მისამართით გაფრთხილებად აღიქვამს.

"ამერიკის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ნათქვამი ჩვენ აღვიქვით როგორც გაფრთხილება იმ დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოიჩინონ საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ საქართველო მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეასრულოს ყველა მოთხოვნა ევროპაში ინტეგრაციისთვის. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება, მეტი მხარდაჭერა ნახოს დასავლეთიდან. ჩვენ ასე გავიგეთ და ძალიან მადლობელი ვართ, რომ ასეთი ტიპის მინიშნება იყო გამოთქმული დასავლელი პარტნიორების მიმართ ჩვენს მხარდასაჭერად", - თქვა მაღრაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს დასავლური კურსის ცვლილების საფრთხეზე დაზვერვის ოფისის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას ისაუბრა, სადაც ანგარიში წარმოადგინა მსოფლიოში დღეს არსებული საფრთხეების შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით წინ მიიწევს, ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის ზრდის პარალელურად პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება. ეკონომიკური გამოწვევები სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოწყვლადს გახდის. დასავლეთისკენ სვლის ნელი ტემპის გამო საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და რუსული პროპაგანდის ეფექტურად გაძლიერება აჩენს პერსპექტივას, რომ თბილისი შეანელებს ან შეაჩერებს ძალისხმევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. დაძაბულობა რუსეთთან კვლავ ძლიერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოებაზე", - თქვა კლაპერმა.

კომენტარები