ქუმსიშვილი: WIZZAIR-თან ხელშეკრულებაზე წელიწად-ნახევარს ვმუშაობდით

facebook.com/economypr

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა WizzAir-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე წელიწად-ნახევარს მუშაობდა. რაც შეეხება RYANAIR-ს, ქუმსიშვილის მტკიცებით, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან "აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები იყო მრავლად". ეკონომიკის მინისტრმა არ ისურვა მთავრობის 2013 წლის განცხადების შეფასება არამიზნობრივ ხარჯებზე და აღნიშნა, რომ მას უყვარს ქუთაისის აეროპორტი. ცნობისთვის, 2013 წელს მთავრობამ წინა ხელისუფლების მიერ არამიზნობრივად განხორციელებულ პროექტებს შორის ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაც (53 მლნ ლარი) დაასახელა.

"ჩვენ ძალიან კარგი კვირა გვქონდა, 17 რიცხვში WIZZAIR-თან ერთად გამოვაცხადეთ საჯაროდ იმ ხელშეკრულების შედეგები, რომლის მიხედვითაც სექტემბრის თვიდან ქუთაისიდან ფრენა ახალი მიმართულებებით დაიწყება და ეს მიმართულებები არის ევროპა. ეს არის ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგი. მინდა მოგახსენოთ, რომ მოხდება თვითმფრინავის ბაზირება. WIZZAIR-თან ხელშეკრულებას ერთ დღეში არ მოწერია ხელი, ეს არის ძალიან დიდი პროცედურა, სადღაც წელიწად-ნახევარს ვმუშაობდით იმაზე, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. რაც ეხება RYANAIR-ს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მათთანაც განუწყვეტლივ ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ შემოთავაზებებს ასევე მიიღებენ და მოიწონებენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და ვთვლით, რომ ისინი სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინდა დავადასტურო, რომ პრემიერმინისტრთან შეხვედრაზეც RYANAIR-ის წარმომადგენლებმა ნამდვილად დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები იყო მრავლად და ჩვენი მხოლოდ მადლობლები არიან. მე მიყვარს ქუთაისის აეროპორტი და დღეს ეს არის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ტურიზმის განვითარებისათვის. არამიზნობრივ ხარჯებზე კომენტარს არ გავაკეთებ", - თქვა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, 2016 წლის სექტემბრიდან, ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. პირდაპირი რეისები შესრულდება ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფიას მიმართულებით. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით კი, "მთავრობა - და პირადად ივანიშვილი - ამ პროექტის ლანძღვით რომ არ დაკავებულიყო, დღეს ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი". გიორგი კანდელაკის მტკიცებით, "2013 წლის მაისიდან უნდა შემოსულიყო მსოფლიოს ყველაზე დიდი ავიაკომპანია RYANAIR-ი, ამ სიკეთით უნდა ესარგებლა ბევრად მეტ ადამიანს და საქართველოს ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო ასეულ მილიონობით დოლარი".

კომენტარები