ECRI-ის ანგარიში

ECRI: ხელისუფლება არ იყო ადეკვატური შეუწყნარებლობასთან გასამკლავებლად

ECRI

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. ECRI მიესალმება საქართველოში "პოზიტიურ ძვრებს" საკანონმდებლო მიმართულებით, თუმცა აღნიშნავს, რომ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კვლავ რჩება გარკვეული საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. 

ანგარიშის შემაჯამებელ დასკვნაში ნათქვამია, რომ სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. 

"ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. მუსლიმთა და იეჰოვას მოწმეების რელიგიის თვისუფლება არაერთხელ შეიბღალა ადგილობრივთა ძალადობრივი პროტესტით. ასევე ქართულ საზოგადოებაში არის ზოგადად ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი, ლგბტ ჯგუფებს ხშირად დასხმიან თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს გამართული საჯარო ღონისძიება. საქართველოს ხელისუფლების პასუხები ამ ინციდენტებზე არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად. ხელისუფლების ორგანოები ყოველთვის საკმარისად არ იძიებენ და სამართლებრივად არ დევნიან სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება და ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ იგი გამოეყენებიათ სექსუალურ ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობასთან მიმართებით", - ნათქვამია ანგარიშში.

ECRI წერს, რომ რელიგიური შეუწყნარელობლობის საფუძველზე განხორციელებული თავდასხმების არაერთ შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანოებმა არ გამოიყენეს კანონი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ამის ნაცვლად კი, ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეეცადნენ აემოქმედებინათ ადგილობრივი მედიაციის მექანიზმები, მოუწოდებდნენ დომინანტურ ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ თემს ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ.

"ამის მსგავსად, მოძალადე პროტესტანტებისაგან არ დაიცვეს ლგბტ ორგანიზაციების უფლება, მოაწყონ მშვიდობიანი საჯარო ღონისძიებები; მხოლოდ იმით შემოიფარგლენ, რომ უზრუნველყვეს ლგბტ პირებისა და მათ მხარდამჭერთა უსაფრთხო ადგილას გაყვანა. ინტეგრაციის კუთხით შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და მასთან დაკავშირებული 2009-2014 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები თავდაპირველად კარგად დაიწყო, თუმცა, აკლდა მასშტაბი იმისათვის, რომ ხელშესახები შედეგებისთვის მიეღწია. ამის მაგალითია აქტივობები უმცირესობათა განათლების ხარისხის გაუმჯობესების სფეროში, უმცირესობათა წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება სოციალურ მომსახურებათა ხელმისაწვდომობის შესახებ და სოციალურ-ეკონომიკური გარიყულობის შემცირება. 

გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ არის მიღებული უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა მესხების რეპატრიაციისა და ინტეგრაციის განსახორციელებლად. ასევე არ არსებობს ინტეგრაციის სტრატეგია ლტოლვილებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც დახმარებას იღებენ. ხელისუფლების ორგანოებს არ მიუღიათ ადეკვატური ზომები ქვეყანაში რელიგიურ შეუწყნარებლობასთან გასამკლავებლად. ახლადშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ აქვს ცხადი მანდატი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად და მათი რელიგიური პოლიტიკის შემუშავების სტრატეგია, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან ორაზროვანი და ბუნდოვანია", - წერს ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.

ანგარიშში ECRI მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს კონკრეტული ზომები რამდენიმე სფეროში.

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) დააარსა ევროპის საბჭომ. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. წესდებით დადგენილ საქმიანობათა ფარგლებში, ECRI ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნების მიხედვით, რითაც აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა თუ შეთავაზებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისათვის.

კომენტარები