თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

EMC: სტუდენტებს, რექტორს და მინისტრის მოადგილეს შორის შეთანხმება შედგა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცნობით, თსუ-ს რექტორს, განათლების მინისტრის მოადგილესა და ‪აუდიტორია 115‬-ის წევრ სტუდენტებს შორის, შეთანხმება შედგა. კერძოდ, სამინისტრო მზადაა, დაუყოვნებლივ შექმნას ინკლუზიური ფორმატი და სასწრაფო წესით დაიწყოს მუშაობა თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებაზე.

"კიდევ არის რამდენიმე პუნქტი, მათ შორის ოდეერებსა და სხვა საკითხებზე. უნივერსიტეტში შეიქმნა სივრცე-პლატფორმა აუდიტორია 115, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობას 115-ე აუდიტორიიდან გააგრძელებს. ამ წუთებში, როგორც გვაცნობეს, თვითმართველობის მოთხოვნა პაპავას გადადგომაზე ისევ ძალაშია. თვითმართველობის პოზიციებზე მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას" - აცხადებს EMC.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციები 7 მარტს დაიწყო. სტუდენტები ითხოვდნენ, გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. ასევე, უნივერსიტეტის ავტონომიას, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიებას და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას. გუშინ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, აქციები მისმა მომხრეებმა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დაიწყეს. ისინი რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. თვითმმართველობის წევრები რექტორის კაბინეტშიც შეიჭრნენ და პაპავას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის მოთხოვნებს უნივერსიტეტის ავტონომიის, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიების და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, აკადემიური საბჭოს დაშლაც დაემატა. დღევანდელ ბრიფინგზე სტუდენტებმა პრემიერმინისტრს და განათლების მინისტრს მოუწოდეს, პირადად გაეცნონ სიტუაციას, "რადგან პროცესი გაცდა შიდასაუნივერსიტეტო ფარგლებს".

ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, შეხვდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და ხელმძღვანელ პირებს, რათა შექმნილი პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრას. პრემიერის განცხადებით, "მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს". გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. 

პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში განათლების სამინისტრომ დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა დააანონსა.

კომენტარები