საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

AI ხელისუფლებას: სასწრაფოდ შეაჩერეთ ქორწინების შესახებ ცვლილებაზე მუშაობა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ხელისუფლებას ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობის სასწრაფო შეჩერებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ შესწორების მიღებას ექნება გრძელვადიანი გამყინავი ეფექტი LGBTI თემის წარმომადგენლებისთვის და მათ ქორწინების უფლების მიღმა დატოვებს, ასევე გაამძაფრებს ერთნაირ სქესიანთა წყვილების მიმართ დისკრიმინაციას, რასაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც აწყდებიან საქართველოში.

"პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 7 მარტს გამოაცხადა, რომ კოალიცია ქართული ოცნება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას გეგმავდა, რათა კანონში ჩაწერილიყო, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. მან ეს ცვლილება "ქორწინების, როგორც მნიშვნელოვანი ფასეულობის, დაცვის" მოტივით ახსნა. პარლამენტის 80-მა დეპუტატმა ცვლილების ინიციატივას ხელი მოაწერა. ამჟამად კონსტიტუციის 36-ე მუხლი ქორწინებას განმარტავს, როგორც "მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას." ამ განსაზღვრების "დავიწროვება" პირდაპირ უქმნის დისკრიმინაციას LGBTI თემის წარმომადგენლებს, რომლებიც ცხოვრობენ ან სურთ, იცხოვრონ ერთნაირსქესიან ერთობაში და ხელს უშლის მათ უფლებას, ჩაერთონ ოჯახურ ცხოვრებაში, ხელს უშლის ქორწინების უფლებას და ასევე ქორწინებასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური უფლებებით სარგებლობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ერთნაირსქესიან პირებს არ აქვთ უფლება, დაარეგისტრირონ ქორწინება, მაგრამ კონსტიტუციით ამის დაკანონება კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას, რათა მომავალში მაინც ერთნაირსქესიანმა პირებმა ქორწინება შეძლონ. ამ ცვლილებით წავლენ ქორწინების თანასწორობის გლობალური ტენდენციის საპირისპიროდ. არასამთავრობოებმა, რომლებიც LGBTI საკითხებზე მუშაობენ, ერთობლივი განცხადებით დაგმეს აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება. განცხადებაში ასევე ახსნილი იყო, რომ LGBTI თემის წარმომადგენლების მიმართ საქართველოში არსებული სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის პირობებში, აქტივისტებს არასდროს უწარმოებიათ კამპანია ქორწინების თანასწორობის მისაღწევად და ეს საკანონმდებლო წინადადებაც LGBTI თემის წარმომადგენლებს კიდევ უფრო მარგინალიზებულს ხდის.

ამ ცვლილების მიღებას ექნება გრძელვადიანი გამყინავი ეფექტი LGBTI თემის წარმომადგენლებისთვის და მათ ქორწინების უფლების მიღმა დატოვებს, ასევე გაამძაფრებს ერთნაირ სქესიანთა წყვილების მიმართ დისკრიმინაციას, რასაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც აწყდებიან საქართველოში.

მოვუწოდებთ კოალიცია ქართულ ოცნებას, შეაჩეროს ქორწინების შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებაზე მუშაობა, რადგან ესაა დისკრიმინაცია ერთნაირსქესიანი წყვილების წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატივი სცენ და დაიცვან საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის", - წერია განცხადებაში.

კომენტარები