დევნილების აქცია

ენერგეტიკის სამინისტროსთან წეროვანში მცხოვრები დევნილები აქციას გამართავენ

დღეს, 14:00 საათზე ენერგეტიკის სამინისტროსთან (იუსტიციის სახლთან), წეროვანში მცხოვრები დევნილები აქციას სახელწოდებით - "რატომ მოგვატყუეთ" - გამართავენ.

დევნილების ინფორმაციით, მათ დიმიტრი ხუნდაძის არჩევის სანაცვლოდ, ქართული ოცნება კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაჰპირდა. ახლა კი, დევნილების დიდ ნაწილს გაზი ჩაჭრილი აქვს დავალიანების გამო. მათი განცხადებით, გადასახადების სახელმწიფოს მიერ გადახდას დევნილებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაჰპირდა. 

"ბიძინა ივანიშვილი, ვიცეპრემიერი კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ხუნდაძე ჩვენი მხარდაჭერის სანაცვლოდ, არჩევნებამდე, კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაგვპირდნენ. ჩვენ მათ ვენდეთ! მაგრამ მოვტყუვდით! დევნილებს არათუ გაგვიუქმდა კომუნალური გადასახადი, არამედ შეპირებული განულების მოლოდინში დავალიანებები დაგვიგროვდა. დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილს გაზი ჩაჭრილი აქვს და იყინება. ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს საქართველოში, მაგრამ ერთია საკუთარ სახლ-კარში როცა გიჭირს, მეორე - სახლიდან გამოძევებული, დევნილობაში რომ იყინები. ვისაც ჩვენს გასაჭირზე გული შეგტკივათ, მობრძანდით სამშაბათს, 14:00 საათზე თბილისის იუსტიციის სახლთან. ერთად შევახსენოთ კახი კალაძეს მისი დაპირება და ის, რომ გაჭირვებული ადამიანების მოტყუება და გადაგდება უღირსი საქციელია", - ნათქვამია დევნილების განცხადებაში.

კომენტარები