დევნილების აქცია

წეროვანში მცხოვრებმა დევნილებმა ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს

დღეს, წეროვანში მცხოვრებმა დევნილებმა ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით „რატომ მოგვატყუეთ". დევნილების ინფორმაციით, მათ დიმიტრი ხუნდაძის არჩევის სანაცვლოდ, ქართული ოცნება კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაპირდა. ახლა კი, დევნილების დიდ ნაწილს დავალიანების გამო გაზი ჩაჭრილი აქვს. მათივე თქმით, გადასახადების სახელმწიფოს მიერ გადახდას დევნილებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაპირდა.

კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ დაპირებებს უარყოფენ მთავრობის წევრები. სოზარ სუბარის თქმით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ დევნილებს დავალიანების ერთჯერადად გადახდას დაპირდა და დაგროვილი დავალიანება მათ აღარ ჩამოეწერებათ. აქციის მონაწილეებს დღეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების ბუკლეტიც ქონდათ მოტანილი, სადაც ერთ-ერთი დაპირება სწორედ ისაა, რომ დევნილი მოსახლეობა გათავისუფლდებოდა კომუნალური გადასახადებისგან.

წეროვანის მოსახლეობას აქციის ორგანიზებაში პლატფორმა დაიცავი თავისუფლება დაეხმარა.

კომენტარები