საქართველოს მთავრობა

ენმ: ახალი პრემიერის მე-100 დღეს ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდით შევხვდით

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღე შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა, ყველაზე მაღალი საშინაო და საგარეო ვალი და ყველაზე დაბალი ექსპორტის მაჩვენებელია ბოლო 5 წლის განმავლობაში.

"100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად დანიშნა. რითი ხვდება საქართველო კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მე-100 დღეს? - ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში რაც დაფიქსირებულა (მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 1.7 იყო, 2012 -ში კი 6.7); ყველაზე მაღალი საშინაო და საგარეო ვალი, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. ესაა 15 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მაქსიმუმი; ყველაზე დაბალი ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში - 2011 წელს იყო 291 მილიონი დოლარი, ხოლო 2016 წელსაა 281 მილიონი დოლარი. ეს მაშინ, როცა 2011 წელს არც რუსული ბაზარი იყო ღია და არც ასოცირების ხელშეკრულება", - ამბობს მაჭავარიანი.

უმცირესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, მან და მთავრობამ არერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნის ეკონომიკისთვის - ვიზების გართულება, გადასახადების ზრდა აქციზზე და დამატებითი რეგულაციები, რომელმაც ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია.

"რას პირდებოდა კვირიკაშვილი, როცა ის მოვიდა? - მოგების გადასახადის გაუქმებას. შემოიტანეს კანონპროექტი, რომელშიც ისეთი რეგულაციები იყო, რომ მისი მიღებისთვის ბიზნესიც კი არ იყო მზად. არ შემოუტანიათ არანაირი კანონპროექტი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, მათ არ აქვთ არანაირი ხედვა, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან", - თქვა მიხეილ მაჭავარიანმა.

კომენტარები