სავჩენკოს საქმე

ლიტვამ სავჩენკოს საქმეში მონაწილე 46 პირი შავ სიაში შეიყვანა

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

ლიტვამ უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს დაკავებასა და სარჩელის გამოტანის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული რუსი და უკრაინელი პირი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიტვამ 46 ადამიანს, რომელთა შორის არიან რუსი გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, ასევე უკრაინელი სეპარატისტები აჯანყებულთა დანაყოფიდან, 10 წლით ლიტვის ტეროტორიაზე შესვლა აუკრძალა.

"ჩვენ ისინი შავ სიაში შევიყვანეთ, რათა სოლიდარობა გამოგვეხატა უკრაინისთვის და ხაზი გაგვესვა რუსეთში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ცინიკური დარღვევისთვის. უფრო ეფექტური იქნება, თუ ამ ადამიანებს შავ სიაში ევროპის სხვა ქვეყნებიც შეიყვანენ", - განაცხადა ლინკევიჩუსმა.  

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ სავჩენკოს განაჩენი გამოუტანა, ლიტვამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა.

სავჩენკოს რუსულმა სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 30 000 რუბლიც დააკისრა. 

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

კომენტარები