სავჩენკოს საქმე

პოროშენკო: მზად ვარ, რუსეთს სავჩენკოს ნაცვლად ორი რუსი სამხედრო გადავცე

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნადეჟდა სავჩენკოს სანაცვლოდ, ორ რუს სამხედროს სთავაზობს.

პოროშენკოს თქმით, მზად არის, სავჩენკო რუსეთს უკრაინაში დაკავებულ ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვში გაუცვალოს. მან პუტინს ნორმანდიული ოთხეულის ერთ-ერთ შეხვედრაზე დადებული პირობაც შეახსენა.

"პუტინი ნორმანდიული ფორმატის შეხვედრების დროს აცხადებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სავჩენკოს უკრაინაში დააბრუნებდა. დადგა ამ პირობის შესრულების დრო. მე ჩემი მხრივ, მზად ვარ, რუსეთს გადავცე ორი რუსი სამხედრო, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიაში მონაწილეობისთვის დააკავეს. მათ საქმეზე სასამართლო განხილვები ფინალურ სტადიაშია და მათი დასრულებისთანავე მზად ვარ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათი რუსეთში გამგზავრება უზრუნველვყო", - განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება ლუგანსკის ოლქში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა. უკრაინელი მფრინავი ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის პრორუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

გუშინ ნადეჟდა სავჩენკო დონეცკის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა.

კომენტარები