სასამართლო სისტემა

NGO-ები: მოსამართლეთა კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სისტემის ხარვეზიანობა

არასამთავრობო ორგანიზაციები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. კოალიციის შეფასებით, გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები. კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე ჩაატარა კონკურსი.

კოალიციის განცხადებით, კანდიდატების უმრავლესობის ცოდნა და მგრძნობელობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო არადამაკმაყოფილებლად დაბალი. ასევე, გასაუბრებების შინაარსი და ფორმატი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეალურ მიზანს კანდიდატების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება წარმოადგენდა.

"არასტრუქტურირებული გასაუბრებები, განსხვავებული მნიშვნელობის კითხვების დასმა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა;
რიგ შემთხვევებში დასმული იყო მიმთითებელი ხასიათის, ამასთანავე, არაეთიკური კითხვები. პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა რამდენიმე კანდიდატთან გასაუბრება. მართალია, ამ კონკრეტული გასაუბრების დროს მოხდა ინტერესთა კონფლიქტის აცილება საბჭოს კონკრეტული წევრების მიერ ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებების ხარჯზე, თუმცა ეს საკითხი კვლავ საჭიროებს სისტემურ გადაწყვეტას საკანონმდებლო დონეზე. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმის დაუსაბუთებელი დაყოვნება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესის უგულებელყოფა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაჩქარებულად წარმართვა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა ობიექტურად და დამსახურების პრინციპის დაცვით, პროფესიონალი მოსამართლეების შერჩევას, უარყოფითად აისახება სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებს", - აცხადებს კოალიცია და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.

"საბჭოს წევრი - ლგბტ რას ნიშნავს? - იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული კონკურსანტი - ორგანიზაციას. საბჭოს წევრი - სამოსამართლო ეთიკა რას გულისხმობს? - იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული კონკურსანტი - მუნდირის ერთგულებას. საბჭოს წევრი - ლგბტ თემი როგორ გესმით? - კონკურსში მონაწილე ყოფილი მოსამართლე - სქესობრივად ავადმყოფი ხალხის ზედმეტი პოპულარიზაცია ხდება. - საბჭოს წევრის თანმდევი კითხვა - თუ თქვენ მოგიწიათ ამ ტიპის საქმის განხილვა, თუ იქნებით მიუკერძოებელი? მაგალითად, ლესბოსელ წყვილს თუ აქვს უფლება, შვილი ყავდეს? - ამავე კანდიდატის პასუხი - არა, ვინაიდან შვილიც იმნაირი გამოვა. საბჭოს წევრი - თქვენი მოტივაცია, რატომ გინდათ მოსამართლედ მუშაობა? - კონკურსში მონაწილე სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე - მაღალი ხელფასია და შესაბამისად ოჯახი უზრუნველყოფილი მყავს. თან, ჩემი თავი ვიპოვე ამ პროფესიაში" ,- წერია კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების ეტაპზე შემდეგი ხასიათის პრობლემები გამოიკვეთა:

  • გასაუბრებები ჩატარდა დაჩქარებულად, ხარვეზიანი წესის პირობებში. 
  • გასაუბრება ჩატარდა საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევით. 
  • გასაუბრების შინაარსი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ის ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს. 
  • კანდიდატებისათვის იყო არათანაბარი გარემო და ა.შ.

"გასაუბრებები წარიმართა არასტრუქტურირებულად, ხშირად კანდიდატებს უსვამდნენ არსებითად განსხვავებული მნიშვნელობის კითხვებს, კანდიდატების ნაწილისთვის, საერთოდ არ დაუსვამთ პროფესიული კომპეტენციის შემოწმებისთვის საჭირო კითხვები. რიგ შემთხვევებში გაურკვეველი დარჩა მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილი კონკრეტულად რომელი კრიტერიუმის შეფასებას ემსახურება საბჭოს წევრის მხრიდან დასმული ესა თუ ის კითხვა. ზოგიერთ კანდიდატთან მიმართებაში გასაუბრება წარიმართა მხოლოდ კონკრეტული გახმაურებული საქმეების ირგვლივ, მაშინ როცა სხვა, ასევე გახმაურებული საქმის მოსამართლეებისთვის ასეთი კითხვები საერთოდ არ დაუსვამთ. ასეთი პრაქტიკა საბჭოს მხრიდან არათანმიმდევრულ მიდგომაზე მეტყველებს და, ამასთან, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კანდიდატებს", - აცხადებს კოალიცია და აღნიშნავს, რომ გასაუბრების დროს კანდიდატებს ეკითხებოდნენ მოსაზრებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან სასამართლოს "ზღვარგადასულ" კრიტიკასთან დაკავშირებით.

"საბჭოს წევრის მხრიდან შეკითხვის მსგავსი ფორმულირება წარმოადგენდა მიმთითებელ კითხვას, რითიც კანდიდატებს ფაქტობრივად მიანიშნებდნენ შემფასებლებისთვის სასურველ პასუხს. შემფასებლების მხრიდან საკითხის ასე დასმა გასაუბრებებზე, ვფიქრობთ, არაეთიკური და არასამართლიანია კანდიდატების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში მიუღებლად უნდა შეფასდეს თავად შეკითხვების შინაარსიც. მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატს კითხეს, თუ როგორ გადაწყვეტდა ის საქმეს საბჭოს წევრების პოტენციურ სარჩელთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი სარჩელის რეალურად წარდგენის შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა აღნიშნული კანდიდატის განსახილველი იყოს დავა, არასწორად უნდა შეფასდეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის წინასწარ პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნა. აღსანიშნავია რამდენიმე შემთხვევაც, როცა საბჭოს ერთ-ერთი წევრის (და არა თავმჯდომარის) მიერ გასაუბრება დასრულებულად გამოცხადდა, რამაც ფაქტობრივად წაართვა შესაძლებლობა საბჭოს სხვა წევრებს, სურვილის შემთხვევაში, დაესვათ კანდიდატებისთვის დამატებითი შეკითხვები", - წერია განცხადებაში.

კოალიცია აღნიშნავს, რომ პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატთან გასაუბრება დაიხურა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესი ითვალისწინებს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დახურულ სხდომაზე, რაც მუდმივად არის საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი. მიუხედავად აღნიშნული წესისა, საბჭოს მიერ დამკვიდრებულია მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ღია ფორმატში ჩატარების პრაქტიკა. თუმცა, დროთა განმავლობაში საბჭომ დაადგინა ახალი პრაქტიკა, როცა გასაუბრების დაწყებამდე, თითოეულ კანდიდატს დაესმის კითხვა იმის თაობაზე სურს თუ არა მას გასაუბრების საჯაროდ წარმართვა, რაზეც კანდიდატები წინა კონკურსების დროს, როგორც წესი თანხმობას აცხადებდნენ და შესაბამისად, გასაუბრებაც საჯაროდ ტარდებოდა. მიმდინარე კონკურსის დროს საბჭომ კვლავ გააგრძელა აღნიშნული პრაქტიკა, რამაც გამოიწვია ის, რომ მოსამართლეობის ოთხი კანდიდატისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ გასაუბრება დაიხურა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კონკურსზე, წინა კონკურსებისაგან განსხვავებით, საბჭოს წევრები არა უბრალოდ ეკითხებოდნენ კანდიდატებს, სურდათ თუ არა მათ გასაუბრების გასაჯაროება, არამედ, აღნიშნულ საკითხზე კანდიდატის დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, დამატებით კითხვებს უსვამდნენ, რის შემდეგაც კანდიდატს უწევდა კვლავ დაფიქრებულიყო გასაუბრების გასაჯაროებაზე (მაგ.: გინდათ თქვენი გასაუბრება youtube-ზე აიტვირთოს ან ტელევიზიით გადაიცეს?). აღნიშნულით საბჭო განსაკუთრებულ და სრულიად არასაჭირო ძალისხმევას იჩენდა გასაუბრებების გასაჯაროების საწინააღმდეგოდ. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი არის მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის ფაქტობრივად ერთადერთი ღია ნაწილი (საბჭოს წევრებს შორის მსჯელობა კანდიდატებთან მიმართებაში და კენჭისრყა დახურულია). გასაუბრებების ღიაობა ხელს უწყობს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენას და გასაჯაროებას მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით. ასევე აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ღია სხდომაზე ჩატარება ემსახურება საბჭოს საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის შეფასების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხარისხის და სასამართლოსადმის საზოგადოების ნდობის ამაღლებას", - აცხადებენ არასამთავრობოები.

ცნობისთვის, უკვე დასრულებულია გასაუბრება მოსამართლეობის ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები