თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის უწყების თანამშრომელი: ხელმძღვანელობა და სუს-ი ჩემზე ზეწოლას ახდენდა

მარიამ თაყაიშვილი
PIA

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან არსებულ ზეწოლაზე, ბექა ქირიას გარდა, ასევე საუბრობს უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის NATO-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის განყოფილების უფროსი მარიამ თაყაიშვილი. 

როგორც თაყაიშვილი ამბობს, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბოლო წლის მანძილზე შეურაცხყოფა ბევრჯერ მიაყენა, რის შემდეგაც გენინსპექციას მიმართა. "ჩემ მიმართ ხორციელდებოდა საკმაოდ დიდი ზეწოლა. თვითონ ხელმძღვანელობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ვიმედოვნებდი, რომ ეს პრობლემები მოგვარდებოდა. ამან პირიქით სისტემატური ხასიათი შეიძინა", - ამბობს ის.

"მე ვარ აღშფოთებული უკანონობით და საჯარო მოხეელებისადმი არათანაბარი მოპყრობით, რაც თინა ხიდაშელის მმართველობის პერიოდში ხორციელდება. თინათინ ხიდაშელის მიერ მოყვანილი გუნდი, მისი მოადგილეები არ არიან გათვითცნობიერებული და არ აქვთ ცოდნას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მენეჯერულ პოზიციებზე ინიშნებიან ადამიანები კანონის სრული დარღვევით, საკვალიფიკაციო მოთხოვნათა სრული გაყალბებით, მათ არ აქვთ მენეჯერულ პოზიოციაზე მუშაობის გამოცდილება.

ასევე, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც ამ დეპარტამენტში ვმუშაობ, ჩემს პატივსა და ღირსებას მიადგა საფრთხე. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას, შეურაცხყოფებს. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამდენჯერმე საჯაროდ მომაყენა შეურაცხყოფა, რის გამოც მე გენინსპექციასაც მივმართე",- ამბობს თაყაიშვილი.

მისივე თქმით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი ნეპოტიზმითა და "რესპუბლიკურ პარტიასთან" აფილირებული ადამიანების დასაქმებით გამოირჩევა. "ეს არის სისტემური დანაშაული და კრიმინალი, რადგან უწყება ვერ უზრუნველყოფს კადრების რესურსების მართვას, გაბერილია კადრები და სამწუხაროდ, დეპარტემანტის საშტატო ნუსხები მორგებულია კონკრეტული ადამიანების, ამ შემთხვევაში პარტიის ვიწრო ინტერესების განსახორციელებლად", - თქვა მარიამ თაყაიშვილმა.

როგორც თაყაიშვილი ამბობს, სტრატეგიული კომუნიკაციები ახალი პროექტი და მიმართულებაა NATO-საქართველოს თანამშრომლობაში და აუცილებელია მასზე მუშაობა. "ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის რესურსი მთლიანად ხმარდება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების რესპუბლიკელი მეგობრების, მფარველობის ქვეშ მყოფი პირების პიარს", - თქვა თაყაიშვილმა.

მარიამ თაყაიშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო არც ისეთ იდეალურ მდგომარეობაშია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორც წარმოაჩენენ და არც ისე კარგად არ ჩაუვლია ვარშავის სამიტს, როგორც ითქვა.

თაყაიშვილი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დიპლომატიურ კორპუსს და საზოგადოების წარმომადგენლებს, სათანადო ყურადღება მიექცეს სამინისტროში არსებულ მძიმე ვითარებას.

კომენტარები