სტრასბურგის სასამართლო

კოჟორიძე: გაუგებარია, რატომ ევა გოცირიძე და არა ანა დოლიძე

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძეს თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ნანა მჭედლიძის ევა გოცირიძით ჩანაცვლების შესახებ კითხვებს აჩენს. მისივე მოსაზრებით, გაუგებარია, რა კრიტერიუმით მიენიჭა ევა გოცირიძეს პრიორიტეტი, როდესაც ანა დოლიძემ კომისიისგან უფრო მაღალი ქულები მიიღო.

"ევროსაბჭოს სტანდარტები ამბობს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ისეთი პროცესით უნდა შეარჩიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც განამტკიცებს სასამართლოსადმი ნდობასა და სასამართლოს მაღალ ავტორიტეტს, არ გააჩენს კითხვებს და იქნება გამჭვირვალე. ჩვენს შემთხვევაში, მთავრობამ ჩაატარა ისეთი პროცესი, რომელმაც თავიდანვე გააჩინა კითხვები და მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დამატებითი ჩრდილი მიაყენა ამ პროცესს. მაშინ, როცა ანა დოლიძემ მიიღო ევა გოცირიძეზე უფრო მაღალი ქულები კომისიისგან, ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობისგან ქალბატონ ევას პრიორიტეტი", - თქვა კახა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძემ ისიც გაიხსენა, რომ მაშინ, როდესაც ევროსასამართლომ ლევან მურუსიძის სამართალს გამამტყუნებელი უწოდა, ევა გოცირიძემ ის კვლავ მოსამართლედ დანიშნა.

"ევროსასამართლომ მურუსიძის სამართალს გამამტყუნებელი უწოდა, ქალბატონმა ევამ, სხვებთან ერთად, მურუსიძე კვლავ მოსამართლედ დანიშნა და დღეს საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ევა გოცირიძემ ევროპას დაუდგინოს სამართლის სტანდარტები. ამას ჩვენ ვერ ვხსნით, რითია განპირობებული და მოტივირებული. თუ მთავრობა დამატებით განუმარტავს საზოგადოებას მისი გადაწყვეტილების მოტივაციას, ძალიან კარგი იქნება", - თქვა კოჟორიძემ.

როგორც ცნობილია, თებერვალში სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. სამპირიანი სია სწორედ ამ კანდიდატთაგან შეირჩა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. "დიდი საოცრებაა, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს", - თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.

კომენტარები