პრეზიდენტზე ზეწოლა

შოთაძე: პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე მინდია გოგოჭური დავკითხეთ

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული ზეწოლის მცდელობის შესახებ 25 ივლისს გაკეთებული განცხადების შესახებ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. საქმე პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შვილის მაშო ჩიჩუას მეუღლის, მინდია გოგოჭურის ჩხრეკის ფაქტს ეხება. ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურა დაადგენს ჩატარდა თუ არა გოგოჭურის ჩხრეკა ზეწოლის განხორციელების მიზნით.

"ამ ეტაპზე დაკითხული არიან მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები, რომელთა მიმართაც ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმდებები. საუბარია პირად ჩხრეკებსა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკებზე ჩვენთან ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო სამუშაოები, რათა რეალურად პასუხი გაეცეს იყო თუ არა გარკვეული სხვა მიზნებისთვის ჩატარებული ეს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე ვამოწმებთ ადგილი ხომ არ ჰქონდა ამ საგამოძიებო მოქმდებების ჩატარებისას ადამიანის უფლებათა დარღვევას. ასევე ვამოწმებთ ადგილი ხომ არ ჰქონდა ვინმეს მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტს. იმედი მაქვს გამოძიებას სწრაფად და ეფექტურად დავასრულებთ",- ამბობს ირაკლი შოთაძე. 

"გააჩერეს ქუჩაში და შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე, იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო. იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - 25 ივლისს განაცხადა პრეზიდენტმა.

გოგოჭურის ჩხრეკის შესახებ 25 ივლისს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს პოზიციით 28 ივნისს გოგოჭური ეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ეჭვის საფუძველზე გაჩხრიკეს. შსს გოგოჭურს "პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცად" მოიხსენიებს.

კომენტარები