საუდის არაბეთი

მსოფლიოს ყველაზე დიდი, 10 ათას ნომრიანი სასტუმრო მექაში შენდება

Abraj Kudai / telegraph.co.uk

Abraj Kudai გახსნის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე დიდი სასტუმრო იქნება, ის საუდის არაბეთში, ქალაქ მექაში მსოფლიოს ყველაზე დიდი მეჩეთიდან ერთ კილომეტრში შენდება. Abraj Kudai 10 ათასი ნომრისგან შედგება, მის მშენებლობაზე კი $3.5 მილიარდი იხარჯება.

მეგასასტუმროში თავმოყრილი იქნება 70 რესტორანი, კინოთეატრები, შოპინგ მოლი, საუდის სამეფო ოჯახის მექის რეზიდენცია და სხვა დაწესებულებები. სასტუმროს საერთო ფართი 1.4 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. კომპლექსი 12, 45-სართულიანი კოშკისგან შედგება. 

მექას ჰაჯის დროს ყოველწლიურად 2 მილიონი პილიგრიმი სტუმრობს. ქალაქში ჰაჯის პერიოდში სასტუმრო ნომრის პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომაც საუდის არაბეთის მთავრობამ გრანდიოზული სასტუმროების მშენებლობა დაიწყო. 

2012 წელს გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 601-მეტრიანი სასტუმრო და საათის კოშკი Abraj Al Bait. შენობისა და მის გარშემო მდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა $15 მილიარდი დაჯდა. 120-სართულიან შენობას ერთდროულად 10 ათასი სტუმრის მიღება შეუძლია.


ფოტო: protenders.com

Abraj Kudai-ის გახსნა 2017 წელს იგეგმებოდა, თუმცა ნავთობის ფასების ვარდნის გამო პროექტის დამკვეთმა - საუდის არაბეთის სამეფოს ფინანსთა სამინისტრომ მისი დასრულების ვადები 2018 წლისთვის გადასწია.

კომენტარები