თბილისის მერია

ზოიძე: არ მგონია, რომ მოთმინებიდან გამოსვლის გამო მერი უნდა გადადგეს

curatiofoundation.org

ქართული ოცნების ახალი სახის, პარტიის საარჩევნო სიის წევრის აკაკი ზოიძის შეფასებით, თბილისის მერის მიმართვა „ვირიშვილი მაიმუნი" არასაკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ დავით ნარმანია გადადგეს. ამის შესახებ ზოიძემ ტაბულას კითხვას - უნდა გადადგეს თუ არა თბილისის მერი - უპასუხა. მისი თქმით, მერის საქმიანობა იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ როგორ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და მისი არჩევის ან გადარჩევის საკითხი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს.

"იმის გამო, რომ ადამიანი მოთმინებიდან გამოვიდა, არა მგონია, რომ უნდა გადადგეს. მერის საქმიანობა იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ როგორ ასრულებს მოვალეობებს და ამას თავად მოსახლეობა განსჯის არჩევნებზე. ხოლო, რაც შეეხება მოთმინების თემას, ხომ ვხედავდით, იქ რა ხდებოდა? კამერები მიმართული იყო, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. მე რა სიუჟეტსაც ვუყურე მედიით, მაგ სიტუაციაში ემოციური გადაცდომა შესაძლებელია, მაგრამ საერთოდ, ალბათ, მეტი თავშეკავება უნდა გამოეჩინა, რადგან ეს მთავრობას არ უნდა ახასიათებდეს. პიროვნულად და ადამიანურად შეიძლება გავიგო, რატომაც მოხდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავშეკავება უნდა გამოეჩინა, როგორც საჯარო მოხელეს და ჩვენი მთავრობის წარმომადგენელს. მე მერის განცხადება [ვირიშვილი მაიმუნი] საკმარის მიზეზად არ მიმაჩნია იმისთვის, რომ ის გადადგეს. მე გაცილებით უფრო სერიოზულად მიმაჩნია მისი, როგორც მერის, შეფასება და ეს უნდა იყოს გადადგომის, არჩევის ან გადარჩევის საფუძველი. მე რაც ვიცი, არის ის, რომ მოსახლეობა გამოთქვამს აზრს 4 წლის თავზე, გააკეთებს ანგარიშს მერი და, შესაბამისად, მოხდება მისი არჩევა ან გადარჩევა. ყველაზე ოპტიმალური ტესტი არის არჩევნები", - თქვა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, გამწვანების საკითხზე გამართული გუშინდელი შეხვედრა თბილისის მერს და გარემოს დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დამთავრდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერია გარემოს დამცველების მოთხოვნების შეასრულებას არ აპირებს და შეხვედრას მხოლოდ რეკლამისთვის მართავს.

"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს, მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოდიან", - მიმართა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს თბილისის მერმა ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა.

კომენტარები