არჩევნები 2016

რატომ განსხვავდება იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევა სხვა კვლევის შედეგებისგან

პოლიტიკური პარტიების რეიტინგი
იმედი

ტელეკომპანია იმედმა კომპანია JPM-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარადგინა, კლვლევა JPM-მა იმედის დაკვეთით მოამზადა. იმის მიუხედავად, რომ კითხვარი JPM-მა შეადგინა, რეალურად მოსახლეობის გამოკითხვა ქართულმა კომპანია GORBI-მ ჩაატარა. კვლევის პრეზენტაციისას ტელეკომპანია იმედმა სრულად არ დაიცვა საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნები. უფრო კონკრეტულად კი იმედმა არ დაიცვა მოთხოვნა რომლის მიხედვითაც სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნების დროს მედიამ უნდა მიუთითოს ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეს კი JPM-თან ერთად კომპანია GORBI-იც იყო. 

იმედის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაში 5%-იან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ორი პარტია, ქართული ოცნება 32%-იანი მხარდაჭერით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16%-იანი მხარდაჭერით ლახავენ.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას JPM-ის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 32%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%
  • თავისუფალი დემოკრატები - 4%
  • ლეიბორისტულ პარტიას - 4%,
  • სახელმწიფო ხალხისთვის - 3%
  • გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი 2%,
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 34%
  • სხვა პარტიები - 4%
  • ჯამი - 101% 

რამდენად გავლენიანია კვლევითი კომპანია JPM

იმედის დაკვეთით კვლევის კითხვარი ამერიკულმა კომპანია JPM-მა შეადგინა. ამ კომპანიის შესახებ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ JPM-ის ყოველწლიური შემოსავლები $250 ათასამდეა და მას მხოლოდ ერთი დასაქმებული ჰყავს, ეს კომპანიის დირექტორი ჯონ მორეირაა. JPM სხვა კვლევით კომპანიებთან შედარებით, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს იკვლევენ გაცილებით მცირე ზომისაა. აგვისტოში მოსახლეობის აზრის კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა კომპანია GFK-იმ, რომელიც JPM-ს თანამშრომელთა რაოდენობით 1000-ჯერ შემოსავლების მოცულობით კი 1300-ჯერ აღემატება. 

JPM არც ყველაზე გავლენიანი და წარმატებული კვლევითი ორგანიზაციების ორმოცდაათეულში არაა. კომპანიის შემოსავლები ყველაზე გავლენიანი კომპანიების სამეულთან (Nielsen, IMS, Kantar) შედარებით 7 ათასჯერ, დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 6 ათასჯერ ნაკლებია. ორმოცდაათეულის ბოლო სამეულთან შედარებით კი JPM თანამშრომელთა რაოდენობით 50-ჯერ, შემოსავლებით კი დაახლოებით 65-ჯერ მცირეა.

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც იმედის დაკვეთით მოსახლეობა გამოკითხა

კომპანია GORBI რომელმაც 18-27 აგვისტოს შუალედში საქართველოს მასშტაბით, 1 200 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის.

მერაბ ფაჩულიას ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TriMedia Intelligence-იც, რომლის რეიტინგებსაც ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს. ტელევიზიებში ფიქრობენ, რომ TriMedia Intelligence-მა რეიტინგების გამზომი ხელსაწყოები ანუ ფიფლმეტრები დაამონტაჟა ოჯახებში, რომელთა შერჩევაც არ ასახავს რეალურად ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიის შემადგენლობას. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ბაზარზე ახალი სარეიტინგო კომპანია ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისი ფინანსებით შეიქმნა. თავად მერაბ ფაჩულია ბიძინა ივანიშვილთან მისი ბიზნესის კავშირს უარყოფს.

TriMedia-ს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტიც აქვს, რადგანაც ის ზომავს მისი თანამფლობელის გოგა თევდორაძის ტელეკომპანია პალიტრა ტვ-ის რეიტინგებსაც.

სხვაობა სხვა კვლევებთან, პარტიებს შორის რეიტინგების გადანაწილებებში

იმედის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა დროში ყველაზე ახლოს ავტორიტეტული გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GFK-ის გამოკითხვასთან დგას. GFK-ის გამოკითხვა 2-18 აგვისტოს შუალდში ჩატარდა, JPM-ის კვლევა 18-27 აგვისტოს. იმის მიუხედავად, რომ ეს კვლევები ასე ახლო პერიოდში ჩატარდა მათ შედეგებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. GFK-ის კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდაჭერა 25.8%-ია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა კი 25.5%-ია. GFK-ის მიხედვით 5%-იანი ბარიერს ოთხი პარტია: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის და ლეიბორისტები ლახავენ.  JPM-ის მიხედვით კი ბარიერს მხოლოდ ორი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება გადალახავენ.

ამ რეიტინგებს შორის აშკარა სხვაობაა, JPM-ის მონაცემებით, გადაწყვეტილ ამომრჩევლებს შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 16%-ია. ქართული ოცნება კი მას 16%-ით უსწრებს. სრულიად განსხვავებული სურათია GFK-ის კვლევაში, სადაც ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის სხვაობა მხოლოდ 0.3%-ია. JPM-ის კვლევაში არ ვიცი/უარი პასუხზე 34%-მა დააფიქსირა, GFK-ის კვლევაში კი არ ვიცი/უარი პასუხზე 26.7% იყო.

რით აიხსნება ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა რეიტინგებს შორის

საარჩევნო კოდექსის მიხედვით: "საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა." კვლევის შედეგებს შორის აცდენა შესაძლებელია კვლევათა ცდომილების ზღვრით აიხსნას, JPM-ის კვლევის ცდომილების ზღვარი 2.8%-ს შეადგენს, GFK-ის ცდომილების ზღვარი კი 2.1%-ია.

ორ კვლევაში ქართული ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული სხვაობა ცდომილების ზღვარს იმდენად ცდება რომ შეუძლებელია ეს იყოს რეიტინგებს შორის სხვაობის მიზეზი. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ კვლევების შედეგები, რომლებიც თითქმის ერთდროულად ჩატარდნენ და რომელთა კითხვებიც ერთმანეთთან მსგავსი იყო გაცილებით უფრო დაახლოებული უნდა ყოფილიყო.

ორ კვლევას შორის განსხვავებული შედეგების მიღება შესაძლოა, კითხვების ფორმულირებასა და გამოკითხულთა შერჩევის განსხვავებულ მეთოდებს უკავშირდებოდეს. თუმცა ტელეკომპანია იმედს კვლევის პრეზენტაციისას გამოკითხულთა შერჩევის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

JPM-ის კვლევის პრეზენტაციაზე არ მოხმდარა გამოკითხული მოსახლეობის შერჩევის დეტალების გამოქვეყნება, რაც საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს. იმედმა არ გაასაჯაროვა მეთოდოლოგია, რომლითაც მოსახლეობის შერჩევა მოხდა. სხვა სოციოლოგიური კვლევების, მაგალითად NDI-ის კვლევის პრეზენტაციაში მითითებულია თუ რა მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდა მოსახლეობის შერჩევა. შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ასაკობრივი ჯგუფებისა და რა გეოგრაფიული უბნების მოსახლეობის გამოკითხვა მოხდა პრეზენტაციაში არ იყო ასახული.

კომენტარები