ეროვნული ბანკი

IMF: ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება მისასალმებელია

IMF-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი
facebook.com/mofgeorgia

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი Forbes-თან მიცემულ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ლარის გაცვლით კურსთან და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები სწორი იყო. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხი შოკებზე ადეკვატური იყო. სებ-მა გაცვლით კურსს საშუალება მისცა ექსპორტსა და ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლის გარეშე უზრუნველეყო საგარეო შოკის შეწოვა და იმავდროულად შეინარჩუნა საერთაშორისო რეზერვები... მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმმა ქვეყანას საშუალება მისცა გამოეყენებინა გაცვლითი კურსი, როგორც ბუფერი, რითაც შეიზღუდა ადგილობრივი ფასებისა და ხელფასების კორექტირება. კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლარის გაუფასურებამ დაიცვა ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, შეინარჩუნა გზავნილების ლარში გამოსახული ღირებულება და საგარეო ბუფერები",- ამბობს მარტინი.

მარტინი მონეტარულ პოლიტიკაზეც საუბრობს, 2015 წლის მანძილზე მაღალი ინფლაციური მოლოდინების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა (8%-მდე გაზარდა განაკვეთი რეფინანსირების სესხზე). 2016 წლიდან კი ინფლაციის დაბალი მაჩვენებლების გამო ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება დაიწყო. IMF-ის მისიის ხელძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

"ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი, რათა ინფლაცია 5%–იანი სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში შეენარჩუნებინა 2015 წლის მანძილზე... სებ-ის ბოლოდროინდელი ნაბიჯები პოლიტიკის განაკვეთის შემცირებათან დაკავშირებით (სულ ბოლოს 6.75%–მდე) მისასალმებელია და თავსებადია დაბალი ინფლაციური წნეხისა და მოსალოდნელზე სუსტ ადგილობრივ და რეგიონალურ მოთხოვნასთან. ივლისში ინფლაციის მაჩვენებლი 1.5% იყო. წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება 5% სამიზნე მაჩვენებელს. ამ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა მისაღები იყოს პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სესხების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას",- ამბობს მარტინი.

27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით 6.75%-მდე შეამცირა. ბანკი ამ მაჩვენებელს წლის ბოლომდე დაახლოებით 6%-მდე შეამცირებს.

2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%. 

კომენტარები