დემურ სტურუას საქმე

დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე შიმშილობას იწყებს. ის ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ "ობიექტური გამოძიების" იმედი აქვს. თევზაძე სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა. ის ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. თევზაძის მტკიცებითვე, ის გამოძიებას არ ემალებოდა.

"დილიდან ვაცხადებს შიმშილობას და იმედი მაქვს ობიექტური გამოძიების. არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. მიმალვაში არ ვყოფილვარ, გამოვცხადდი. სტურუა ნაცემი არ ყოფილა", - თქვა თევზაძემ.

ბრალდებულის ადვოკატის ლედი ტუკვაძე მიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს, გამოიყენოს დაცვის უპრეცედენტო ზომები, რომ თევზაძის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". 

სასამართლომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გოდერძი თევზაძე ორ კვირაზე მეტ ხანს მიმალვაში იმყოფებოდა. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
 
დემურ სტურუას საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი უწყება "ვერც ერთ ეჭვმიტანილს და დამნაშავეს ვერ დააფარებს ხელს, სანამ მე მინისტრი ვარ". ამასთან, გოდერძი თევზაძის დაკავებას და მის "შესატყვისად დასჯას" საზოგადოებას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაპირდა.

კომენტარები