არჩევნები 2016

გიორგი ვაშაძის პარტია პაატა ბურჭულაძის ბლოკში რჩება

გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" პაატა ბურჭულაძის ბლოკში რჩება. ამის შესახებ ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძის და პაატა ბურჭულაძის შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბლოკის სახით ამ არჩევნებზე. ვაპირებთ, ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ და ამით ყველა გავაოცოთ. გვინდა საზოგადოების მხარდაჭერა, იმისთვის, რომ სპეკულაციები, მანიპულაციები, პოლიტიკური თამაშები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, ქვეყანაში უნდა დაიწყოს საქმის კეთება და უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც მართლაც ემსახურება ხალხს. საქართველოში უნდა დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა, კინკლაობა და დაპირისპირება. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე გაიმარჯვებს. ვაგრძელებთ ბრძოლას 8 ოქტომბერს გამარჯვებისთვის და დღეს, ისე როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამარჯვებას მივაღწევთ აუცილებლად", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი გუშინ პაატა ბურჭულაძის ბლოკს "სახელმწიფო ხალხისთვის" გამოეყო. ბურჭულაძის განცხადებით, საპარლამენტო სიიდან გირჩის წევრების ამოღების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან შეიტყო, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით კი, პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა, რის გამოც, გირჩმა ბლოკი დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მას ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. 

ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს საარჩევნო სიის შეცვლის ვადა დღეს, საღამოს 6 საათამდე აქვთ.

კომენტარები