რომის პაპის ვიზიტი

პრეზიდენტი რომის პაპს: მადლობას გიხდით თანადგომისა და მხარდაჭერისთვის

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის. მან მადლობა საქართველოს პატრიარქსაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ "სწორედ მისი თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის განხორციელება". მარგველაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, "მიუთითებს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე". პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა და რომის პაპმა სიტყვით 300-მდე მოწვეულ სტუმარს მიმართეს. მათ შორის არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის და საზოგადოების წარმომადგენლები.

"ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის! მომავალ წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვიზეიმებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. პირველი ვიზიტი ვატიკანიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გაიმართა და მას შემდგომ ჩვენს შორის კულტურული და პოლიტიკური კავშირები ჩამოყალიბდა.

სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა, კათოლიკე მისიონერების მიერ. ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შორის. ასევე მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერთა დახმარებით გამოიცა ქართული ენის მეცნიერული გრამატიკა.

საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულხან-საბა ორბელიანის მისიას ევროპაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე და კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა თვით მოციქულებმა იქადაგეს. ამიტომაც არის ქართული ეკლესია სამოციქულო და ჩვენ, ქართველები, ვამაყობთ, რომ მრავალი სიწმინდე, რომელიც დაცულია ქართულ საგანძურებში, განეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც ქრისტიანული სამყარო ერთიანი და განუყოფელი იყო.

საერთო იდეალების დასაცავად ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაიღო მსხვერპლი. თქვენ იმყოფებით თბილისში, 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში. საერთო ღირებულებებისათვის იბრძოდა ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში, ხოლო დიდგორის ბრძოლაში, ჯვაროსანთა რაზმიც იდგა ქართველთა გვერდით. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიცაა. ეს არის ოქროს საწმისის ქვეყანა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც კულტურათა დიალოგის, განსხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს.

სწორედ ამ მდიდარ კულტურასა და ზოდაგსაკაცობრიო ფასეულობებზე დაყრდნობით 25 წლის წინ საქართველომ აღიდგინა ეროვნული დამოუკიდებლობა და დაიწყო თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვავითარებთ კავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი ამოცანაა გავაღრმავოთ სივრცე საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, ხელი შევუწყოთ ადამიანებს შორის ურთიერთობების, კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის განვითარებას.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან! ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს!

ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას!
ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის!
დევნილი მოსახლეობის დაბრუნება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება.

პოლიტიკოსებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია ღვთისა და ერის წინაშე: ჩვენ ვალდებულები ვართ, შევქმნათ პირობები ადამიანთა ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისათვის. ეს მისია ვერ განხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევით და მეზობელი ქვეყნის ოკუპაციით! ჩვენ უნდა შევებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემულეებსა და საზოგადოების კეთილდღეობას ემუქრება.

ორ დღეში კაცობრიობა თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, გერმანიის გაერთიანებას აღნიშნავს. ეს გაერთიანება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობითა და ჩართულობით გახდა შესაძლებელი. კაცობრიობამ მოახერხა ძალადობის გარეშე გადაეჭრა ურთულესი პოლიტიკური პრობლემა და აღედგინა ისტორიული სამართლიანობა.

ეს მაგალითი შთამბეჭდავია ჩემი ქვეყნისთვისაც და მე მჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობა ჩვენს რეგიონში.
გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე!

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ. რომის პაპმა პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართა გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. 

ხვალ რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმიდა წირვას აღასრულებს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარები