არჩევნები 2016

რატიანი მარნეულის ინციდენტზე: ქართული ოცნება დაშინებით ცდილობს მეორე ტურის მოგებას

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის მოსაზრებით, ქართული ოცნება სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მეორე ტურის მოგებას. რატიანი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს ინციდენტზე პარტიის 6 მხარდამჭერის დაკავებას ეხმაურება.

"ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია მარნეულში და სპეცნაზის საშუალებით ნაციონალური მოძრაობის 5 მხარდამჭერი დააკავა, სადაც ჩვენი კანდიდატი ახმედ იმალკულიევი ლიდერობს. მან მიუხედავად გაყალბების, ზეწოლის და ღია აგრესიისა, ქართული ოცნება პირველ ტურში დაამარცხა. ამის შემდეგ, მეორე ტურის წინ გაუგონარი რამ მოხდა, ჯერჯერობით ქართული ოცნება ამ ეტაპზე არ იყო გადასული და ვნახეთ, რომ სპეცნაზი ჩაერთო, რისი საშუალებითაც უნდათ მეორე ტური მოიგონ. ეს არის პირდაპირ დაშინების და რეპრესიების მცდელობა, რადგან 48% აქვს აღებული ახმედ იმალკულიევს. რამდენიმე უბანი, ფაქტობრივად, გაბათილებულია და მეორე ტურის წინ უნდათ, რომ სიტუაცია ძალით გადატეხონ. ჩვენ ვხედავდით, კორცხელში და ჯიხაშკარში ქართული ოცნების მხარდამჭერები კამერების წინ ღიად აწყობდნენ დარბევებს, ტერორს, ძალადობას და მათ არავინ მიკარებია, როცა მარნეულში დააკავეს ადამიანები, რომლებიც, ფაქტობრივად, არაფერ შუაში არ არიან.

მნიშვნელოვანია, გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ - არჩევნების მეორე ტური არ არის ტესტი ნაციონალური მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, ეს არის ტესტი, ექნება თუ არა ერთპარტიული სისტემა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ყველას კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ეს რეპრესიები და ტერორი შევაჩეროთ", - თქვა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე 6 პირი დააკავეს.

კომენტარები